12-13 თებერვალს საქართველო "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას მასპინძლობს. დღეს მონაწილეებს სიტყვით მიმართა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა.
გამოსვლაში სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო 2013 წლის შემოდგომაზე ვილნიუსში დაგეგემილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისათვის მზადების პროცესს. აღსანიშნავია, რომ სამიტის ჩატარების დროისათვის საქართველო გეგმავს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით მოლაპარაკებებისა და სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების პირველი ეტაპის დასრულებას.
"აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობენ ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტი, ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარი სიმ კალასი, გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე და პარტნიორი ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრები, აგრეთვე, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჰელგა შმიდტი.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრაც.
მასალის გამოყენების პირობები