საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის (სეიმას) დელეგაციას უმასპინძლა. ლატვიური მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სეიმას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დელეგაციის ხელმძღვანელმა ოიარის ერიკს კალნინსისმა, საქართველოსთან პარლამენტთაშორისი ჯგუფის თავმჯდომარემ ძინტარს ზაკისმა, მისმა მოადგილემ რაიმონდს ვეჟონისმა და საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ელიტა გაველემ.
შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ახალი მთავრობის საგარეო პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებზე და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, საქართველოსა და ლატვიას შორის პარლამენტთაშორის თანამშრომლობაზე, მათ შორის ბალტიის ასამბლეასა და სუამ-ს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციაზე და ამ მიმართულებით მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე. საუბარი, ასევე, შეეხო საერთაშორისო დონის აქტუალურ საკითხებს, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსა და ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობას.
შეხვედრის ფარგლებში, ლატვიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მისწრაფებებისადმი.