ოსი სეპარატისტები საქართველოსთან ყოველგვარ ურთიერთობას გამორიცხავენ, ვიდრე თბილისი ამ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობას და ოსი ხალხის ე.წ. გენოციდს არ აღიარებს. განცხადება ამის შესახებ ოს სეპარატისტთა ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა გააკეთა.
"ჩვენ არაერთგზის გაგვიხმოვანებია ჩვენი პრინციპები ამ საკითხთან დაკავშირებით - სამხრეთ ოსეთი გამორიცხავს საქართველოსთან რაიმე ურთიერთობას მანამ ვიდრე თბილისი არ აღიარებს რესპუბლიკის დამოუკიდებლობას და ოსი ხალხის გენოციდს", _ აცხადებს თიბილოვი.
ამას გარდა, მისივე თქმით, საქართველო ვალდებულია მისცეს პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასება თავის ქმედებებს, რომლებიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართ 1989 წლიდან განახორციელა.
"სამხრეთ ოსეთის მიმართ ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულებას საქართველომ ჟენევის დისკუსიების ფარგლებში უნდა მოაწეროს ხელი", _ აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერი და აღნიშნავს, რომ ეს "მხოლოდ ძირითადი მოთხოვნებია და ამ ნუსხის გაგრძელებაც შეიძლება".
"ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის გარეშე სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის არავითარი კონტაქტი არ იქნება. თუ საქართველოს ხელისუფლება ოდესმე მაინც წავა ამ მოთხოვნების შესრულებაზე შესაძლოა ჩვენ მათთან რაღაც დიალოგს დავიწყებთ", _ აცხადებს თიბილოვი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთს აქვს გამომუშავებული კურსი რუსეთთან და ჩრდილოეთ ოსეთთან დაახლოებისა.
"ჩვენი ორიენტირები რუსეთზეა მიმართული - ეს ჩვენი ძირითადი შიდაპოლიტიკური ხაზია", _ აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერი.