აფხაზური საზოგადოება ჯერ კიდევ შფოთავს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მიერ მოსკოვში განხორციელებული ვიზიტის გამო. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რამდენიმე შეკრება გაიმართა, რომელიც სწორედ ამ თემას ეძღვნებოდა. შეხვედრებზე აღინიშნა, რომ "აფხაზეთის ეკლესია საქართველოს ეკლესიის წიაღში არასოდეს არ დაბრუნდება".
ერთ ერთ ბოლო ასეთ შეხვედრაზე, რომელიც სოხუმში გაიმართა აფხაზეთის ე.წ. მთავრობის წევრებიც მონაწილეობდნენ. შეხვედრა იქ მოქმედი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ იყო ორგანიზებული. შეხვედრაზე მიღებულ იქნა სპეციალური და განცხადება და აფხაზეთის მოსახლეობის ხელმოწერების შეგროვების დაწყება განახლდა, რომლებიც აფხაზეთის ეკლესიის მიმართ თავიანთ მოსაზრებას დააფიქსირებდნენ.
"აფხაზეთში იციან და დიდად აფასებენ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის როლს, მაგრამ რუსეთის პატრიარქიის მიერ დაკავებული პოზიცია ცოტა არ იყოს გაუგებრობას იწვევს.
აფხაზეთზე თავისი პრეტენზიების გამოთქმით, საქართველო არა მხოლოდ მისი ტერიტორიის მითვისებას ცდილობს, არამედ მას უპირველეს ყოვლისა კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის მითვისება სურდა და სურს. ეს მემკვიდრეობა კი იქმნებოდა ჩვენი წინაპრების მიერ. საქართველოს მცდელობებს კი წაერთმიათ ეს ყველაფერი წარმატება არასოდეს მოჰყოლია", _ ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშულია, რომ აფხაზეთი მსოფლიოში ერთ ერთი იმ უიშვიათეს ნაწილთაგანია სადაც ქრისტიანობის მრავალი ძეგლი და სიწმინდეა შენახული.
მათივე თქმით, "საქართველოს პატრიარქი მცდელობები აფხაზეთის დაბრუნებისა საქართველოს ეკლესიის წიაღში - უპერსპექტივოა".
"შესაძლოა კი ხალხების სულიერი გაერთიანება დაღვრილი სისხლის შემდეგ? თავად აზრი იმისა, რომ აფხაზეთი საქართველოს ეკლესიის წიაღში დაბრუნდეს ახალი და კიდევ უფრო სისხლისმღვრელი ომის დასაწყისი შეიძლება გახდეს", _ აცხადებენ სეპარატისტები.