მიუხედავად ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მიმდინარე პოლიტპატიმრების ოჯახის წევრების აქციისა, საქართველოს პრეზიდენტი გამოსვლის გადადებას არ აპირებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტრის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ გეგმებს არ ცვლის და ქვეყნის მოსახლეობას ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართავს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის მითითებით ქვეყნის პარლამენტი გავიდა კონსტიტუციური სივრციდან, მიიღო რა საერთაშორისო მასშტაბით უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, არ მიეცა საშუალება ქვეყნის პრეზიდენტისათვის მიემართა მოსახლეობისათვის. სადაც პარლამენტის წევრებს ექნებოდათ საშუალება გამოეთქვათ თავისი მოსაზრებები და დაესვათ კითხვები. ამ გამოსვლის მთავარი არსი ბუნებრივია იყო მიმართვა ხალხისადმი. ვინაიდან ეს ვერ მოხერხდა პარლამენტის შენობაში, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება და როგორც უკვე ცნობილია პრეზიდენტი ეროვნული ბიბლიოთეკიდან გააკეთებს მიმართვას. მინდა ავღნიშნო, რომ დარბაზში ყველა პირს ვინც მოწვეულია ნებისმიერ საკითხზე დაუსვას შეკითხვა. ამ შეხვედრას დაესწრებიან ასევე საქართველოში აკრედიტირებული მისიათა და დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელები"- განაცხადა მანჯგალაძემ
მისივე ინფორმაციით, პრეზიდენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში მისვლისას დაგეგმილია გარკვეული პროვოკაციები და აღნიშნული გამოსვლის ჩაშლაც. სწორედ ამიტომ აღნიშნულ პროვოკაციებზე პასუხისმგებლობას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ქვეყნის პრემიერ-მინისტრს აკისრებს.
„ჩვენი ინფორმაციით იგეგმება პროვოკაცია და აღნიშნული შეხვედრის ჩაშლა. გვინდა განვაცხადოთ, რომ ნებისმიერი ამგვარი მცდელობის მიუხედავად საქართველოს პრეზიდენტი არ აპირებს ამ ღონისძიების გადადებას და მიუხედავად წინააღმდეგობისა საქართველოს პრეზიდენტი მაინც აპირებს მისვლას ეროვნულ ბიბლიოთეკაში და სწორედ ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართავს ქვეყანას და მოწვეულ სტუმრებს. ჩვენი მხრიდან გვინდა განვაცხადოთ რომ მთელი პასუხისმგებლობა ამ პროვოკაციაზე, რომელიც დღეს იგეგმება ეკისრება საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ მინისტრს რომელიც თავად გახლავთ ამ აქციის ორგანიზატორი"- განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.