დაავადებათა ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ,,ა" ტიპის ვირუსთან დაკავშირებით ვითარება საგანგაშო არ არის. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში დაავადებათა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ პაატა იმნაძემ განაცხადა ,,ა" ტიპის ვირუსი სეზონურია და არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობა არ არის.
,,ა" ტიპის ვირუსი ჩვეულებრივი გრიპია და საგანგაშო ვითარება ნამდვილად არ გვაქვს. მთავრია, რომ ადამიანი რომელსაც გრიპი აქვს ფრთხილად უნდა იყოს, რადგან პნევმონიაში არ გადაეზარდოს, ამიტომ სისუსტის შემთხვევაში ექიმს უნდა მიმართოს", _განაცხადა სააგენტო ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პაატა იმნაძემ და აღნიშნა, რომ შარშან ამ პერიოდში ,,ა" ტიპის ვირუსით სამკურნალო დაწესებულებებში 7 000-8 000-მდე ადამიანი მკურნალობდა.
,,საქართველოში ამ პერიოდში, დაახლოებით 10 000-მდე ადამიანის ავად გახდომა ნორმად ითვლება. შარშან ამ დროს 7000-დან 8000-მდე ადამიანი მკურნალობდა", - განაცხადა იმნაძემ და მოსახლეობას ურჩია სისუსტისა და მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში მიმართონ საავადმყოფოებს.
,,რეკომენდაცია არის ერთადერთი, თუ ბავშვებს ერთი დღის განმავლობაში, ხოლო დიდებს სამი დღღინ მანძილზე ტემპერატურა 38 გრადუსამდე შეუნარჩუნდა, ექიმს აუცილებლად უნდა მიმართონ და ხელები საპნით ხშირად დაიბანონ ", -განაცხადა იმნაძემ და ორსულებს პირბადით სიარული ურჩია.
შეგახსენებთ, რომ ,,ა" ტიპის ვირუსით დაავადებულთა რაოდენობამ ბოლო დღეების განმავლობაში საგრძნობლად იმატა. ექიმების განცხადებით, იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში რამდენიმე ათეულ ბავშვს მკურნალობენ. ასევე, ათეულობით ბავშვი მიჰყვათ კლინიკაში ყოველდღიურად ,,ა" ტიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით. ხშირ შეთხვევაში დაავადება პნევმონიაში გადადის. როგორც იაშვილის სახელობის კლინიკაში აცხადებენ, რესპირატორული მედიცინის განყოფილება მთლიანად დატვირთულია.
ანალოგიური ვითარებაა ერისთავის კლინიკაში, სადაც მოზრდილებს მკურნალობენ.