,,უმრავლესობის გადაწყვეტილება პრეზიდენტის გამოსვლის გადადებასთან დაკავშირებით გამართლებულად მიმაჩნია, იქნებ ერთხელ მაინც იგრძნონ პასუხისმგებლობა მათ მიერ ჩადენილ საქმეებზე", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში ხათუნა ლაგაზიძემ.
,, მიხეილ სააკაშვილმა მის დღევანდელ ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ეჭვი მეპარება, რაიმე საკითხზე პასუხისმგებლობა იგრძნოს, მაგრამ უმრავლესობა ვალდებულია შესაბამისი ნაბიჯებით ხელი შეწყოს, რომ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა ლიდერმა პასუხისმგებლობა მაინც აიღოს იმაზე, რასაც ისინი წლების განმავლობაში აკეთებდნენ", _განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ და კონსტიტუციაში არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა.
,,ფაქტობრივად, არსებული კონსტიტუციით ხალხს ძალაუფლება წართმეული აქვს, რადგან პრეზიდენტს შეუძლია ერთპიროვნულად დანიშნოს მთავრობა. არსებული კონსტიტუციით, პარლამენტს ერთ-ერთი უმთავრესი უფლება ერთმევა_აღმასრულებელი ხესუფლების დამტკიცებისა და კონტროლის", _ განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ და აღნიშნა, რომ არსებული ცვლილებასთან დაკავშირებით, 2004 წელს ვენეციის კომისიის დასკვნა საკმაოდ კატეგორიული იყო. როგორც სააგენტო ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ლაგაზიძემ განმარტა არსებული კონსტიტუციით სახელისუფლო შტოებს შორის ბალანსის აღრევა ხდება. რაც შეეხება ,,ჯი-ეჩ-ენის" შეკითხვას, ხომ არ ჯობდა საპარლამენტო უმრავლესობას კონსტიტუციაში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია პრეზიდენტთან ერთად დაეფიქსირებინა და ამ მიმართულებით საკანონმდებლო ორგანოში მწვავე დებატები გაემართა, ხათუნა ლაგაზიძე პასუხობს.
,,პარლამენტში გამართულმა დებატებმა აჩვენა, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობასთან" დებატებს არანაირი აზრი არ აქვს. სამწუხაროდ, სააკაშვილის გუნდი ახალ რეალობასთან მიმართებით სრულიად არაადეკვატურები არიან. ის, რომ პირველ ოქტომბერს ხალხმა მასობრივი პროტესტი გამოხატა მათი მმართველობის წინააღმდეგ, დღემდე ვერ გააცნობიერეს", _განაცხადა ლაგაზიძემ და აღნიშნა, რომ ასეთ პირობებში ყველანაირი დებატი აზრს კარგავს.
შეგახსენებთ, რომ 8 თებერვალს საქართველოს პარლამენში დაგეგმილი პრეზიდენტის გამოსვლა გადაიდო, რადგან საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტს ულტიმატუმი წაუყენა. პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის, განცხადებით პრეზიდენტს მას შემდეგ მიეცემა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლის საშუალება, რაც მას და მის გუნდს ცალსახა პოზიცია ექნება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. სანაცვლოდ, პრეზიდენტი ყოველწლიურ ანგარიშს ეროვნულ ბიბლიოთეკიდან წარდგენს. პრეზიდენტის გამოსვლას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ამ დროსთვის უცნობია დაესწრება თუ არა კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სააკაშვილის გამოსვლას.
მიხეილ სააკაშვილი ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმ სიტყვით წარსდგება, რომლითაც პარლამენტში აპირებდა გამოსვლას.
"იმის გათვალისწინებით, რომ პრემიერ-მინისტრის მოთხოვნით, საპარლამენტო უმრავლესობამ უარი თქვა კონსტიტუციით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიშის მოსმენაზე, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქართულ საზოგადოებას ეროვნული ბიბლიოთეკიდან იმ ტექსტით მიმართოს, რომლითაც პარლამენტის წინაშე უნდა წარმდგარიყო", - განაცხადა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ