საავტომობილო სპორტის 2010 წლის სეზონის მხარდამჭერი კვლავ "რომპეტროლ საქართველო" იქნება.
"რომპეტროლ საქართველოსა" და ეროვნულ საავტომობილო ფედერაციას შორის შესაბამისი მემორანდუმი, საზეიმო ვითარებაში, გუშინ, 15 თებერვალს, "ასტრა პარკში", 2009 წლის სეზონის გალა დაჯილდოვების ცერემონიაზე გაფორდა.
მემორანდუმს ხელი "რომპეტროლ საქართველოს" გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე ალბინმა და საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ მოაწერეს.
წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებები ავტომრბოლელებს მთავრობის და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებმა მიულოცეს.
"რომპეტროლის 2009 წლის სეზონის" გამარჯვებულ სპორტსმენებს დიპლომები და პრიზები გადაეცათ, "რომპეტროლმა" კი თითოეულს უმაღლესი ხარისხის საწვავი აჩუქა. დაგროვილი ქულების ჯამის მიხედვით, 6 ეტაპიან წრიულ რბოლაში ლიდერობა მევლუდ მელაძემ მოიპოვა. წყვილთა რბოლაში, რომელიც 4 ეტაპს მოიცავდა, გაიმარჯვა ოთარ თავართქილაძემ აბსოლუტში, ხოლო 2000-მდე კლასში მევლუდ მელაძემ. აღმართის დაძლევაში პირველობა გოგა არჯევანიძისა და ქეთი ბოჭოიძის ეკიპაჟს ერგო. "აბსოლუტ კლასში" 2000-მდე მევლუდ მელაძემ გაიმარჯვა, ხოლო იუნიორ კლასში დიმა ქობულიამ. რალიში აბსოლუტ კლასში გოგა არჯევანიძისა და ქეთი ბოჭოიძის ეკიპაჟი დაჯილდოვდა, ხოლო 2000-მდე კლასში პირველობა არჩილ ბიძინაშვილისა და გულნარა ხუბუტიას ეკიპაჟმა მოიპოვა. დრიფტის მეფედ კი ზვიად ადეიშვილი აღიარეს. წლის სამოყვარულო შეჯიბრში გამარჯვებული სამეული კი ირაკლი კუხიანიძე, კოტე კოლიაშვილი და დათა ქაჯაია გახდა.
"2008 წლიდან ეროვნული ჩემპიონატით გათვალიწინებული ყველა შეჯიბრი "რომპეტროლის" სახელს ატარებს და 2010 წელსაც ამ სპორტის ქომაგები ვიქნებით. მოხარული ვარ, რომ ავტოსპორტით დაინტერესებულთა რიცხვი ყოველწლიურად მატულობს, ხოლო გასული წელი მრბოლელების, წევრებისა და სარბოლო ბოლიდების 35%-იანი ზრდით გამოირჩეოდა. ახალი სეზონი 28 თებერვლიდან კუს ტბაზე აღმართის დაძლევით გაიხსნება და დარწმუნებული ვარ, უამრავი საინტერესო მოვლენით იქნება გამორჩეული", - განაცხადა ალექსანდრე ალბინმა.
გასული წლის შედეგები და ახალი სეზონის გეგმები საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემაც შეაჯამა.
"გასული წელი მნიშვნელოვანი წარმატებებით გამოირჩეოდა. წრიულ რბოლას დაემატა ახალი კლასი: მონო-ჰონდა. გამოჩნდა ინვესტორი, რომელმაც შეიძინა და წელს დაიწყებს რუსთავის ავტოდრომის რეკონსტრუქციას. შეიქმნა და სკოლებში უფასოდ დარიგდა საგზაო მოძრაობის წესების სასკოლო სახელმძღვანელოები. დაიგეგმა საქართველოში საერთაშორისო რბოლების შემოტანა. ევროპის თასის ეტაპებზე მონაწილეობა მიიღო 17 წლის გიორგი კოდუამ და დაიმსახურა ევროპის წარმატებული ახალგაზრდა მრბოლელის თასი", - განაცხადა მევლუდ მელაძემ.
მისივე თქმით, რომპეტროლის 2010 წლის სეზონი მოიცავს წრიული რბოლის 6, წყვილთა რბოლის 3, რალის 3 და კარტინგის 4 ეტაპს. წელსვე მოხდება მოყვარული მრბოლელების ლიცენზირება და წრიული რბოლის ერთი ან ორი ეტაპი გადაინაცვლებს საქართველოს სხვადასხვა რაიონებში. შეჯიბრებს დაემატება მონო BMW 2.0 კლასი. 10-12 ნოემბერს საქართველოში ჩატარდება აღმოსავლეთ ევროპის თასის ერთი ეტაპი. ორი ქართული ეკიპაჟი, მინიმუმ 4 საერთაშორისო ეტაპზე გაემგზავრება ასპარეზობებში მონაწილეობის მისაღებად, როგორც ევროპის ჩემპიონატის, ასევე ევროპის თასის გათამაშების ეტაპებზე.