ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოს მხრიდან ამ საკითხზე საუბარი დანაღმულ მოედანზე სიარულს გავს ყოველგვარი წარმოდგენის გარეშე რატომ აკეთებს ამას.
"ჩვენ გვესმის, რომ რკინიგზის გახსნა მოგვიტანს სამ სარგებელს: პირველი - ეკონომიკური სარგებელი, მეორე - ის, რომ მოხდება საკითხის დეპოლიტიზაცია და მესამე - რომ იქნება პირდაპირი კონტაქტი აფხაზ ხალხთან.
ამ არგუმენტების ღირებულებაზე ნუ ვიდავებთ და მოცემულობად ჩავთვალოთ და ჩავთვალოთ რომ ეს მართლა ასეა, თუმცა ამაში მე უზარმაზარი ეჭვი მეპარება", _ აცხადებს ყოფილი მინისტრი ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში საუბრისას და იმ პეიზაჟს ამახვილებს აღწერს სადაც ეს მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.
ვაშაძე აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპირებულ ნაწილს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკად მიიჩნევს და უკიდურესად მნიშვნელოვანი სამი ხელშეკრულებაც აქვს გაფორმებული.
მისივე თქმით, პირველი - 2009 წლის შეთანხმებაა ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის საზღვრების დაცვის შესახებ, რომელშიც აფხაზეთის საზღვრები არის განსაზღვრული. მეორე - 2010 წლის ხელშეკრულებაა აფხაზეთისა და რუსეთის ფედერაციის საზღვრებზე გამშვებ-გამტარებელ პუნქტებზე და მესამე - პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლა რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას შორის.
"აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ რუსეთის რკინიგზას 49 წლით აქვს აღებული საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთი.
ასეთი არის პეიზაჟი - დასხდნენ ორი ქვეყნის სპეციალისტები, დიპლომატები, რკინიგზის სპეციალისტები და დაიწყეს საუბარი. პირველი რაზე უნდა ვისაუბროთ?! რა ფორმატში გაფორმდება ხელშეკრულება? ორი ვარიანტია სულ: ეს ხელშეკრულება შეიძლება იყოს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის, რაც გამორიცხულია რუსებისთვის იმიტომ, რომ ისინი ყველანაირად შეეცდებიან რამენაირად აფხაზეთი ჩაჩურთონ ამ ხელშეკრულებაში ან ისე გააფორმონ ეს, რომ ვითომ აფხაზეთის თანხმობა არის საჭირო ამ ხელშეკრულებისთვის ან კიდევ პრესინგი გააკეთონ საქართველოზე, რომ ჩვენ რამე ცალკე ოქმს მოვაწეროთ ხელი აფხაზეთთან.
ჩემი მოსაზრებით ჩვენ დავდივართ ახლა დანაღმულ მოედანზე ყოველგვარი წარმოდგენის გარეშე რატომ ვაკეთებთ ამას. შემდეგ, თუ ვერ მოვილაპარაკეთ შემდეგი არის სამმხრივი მოლაპარაკებები - რუსეთი აფხაზეთი საქართველო - რაც აფხაზეთის საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსის დაკანონებას ნიშნავს. ამის შემდეგ გადავდივართ ისეთ მძიმე თემებზე როგორიც არის გამშვები პუნქტები თავისი სასაზღვრო კონტროლით, გამშვები სადგური რომლის დადგენასაც საერთაშორისო სამართალი ითხოვს ხელშეკრულებაში, დოკუმენტები, რომლითაც ხალხი იმგზავრებს ამ მატარებლით, ე.წ. გადაზიდვის ტარიფები, რომლებიც ყველა სატრანსპორტო და სატრანზიტო ხელშეკრულებაში უნდა იყოს და ბოლოს კომპეტენტური ორგანოები", _ აცხადებს ყოფილი მინისტრი.