ახალგორის რაიონისათვის ქართული გაზის მიწოდების საკითხი უკვე აქტუალური აღარ არის. განცხადება ამის შესახებ ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებულმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა გააკეთა.
"2008 წლის ომის შემდეგ სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობა საერთაშორისო ორგანიზაციების გავლით გამუდმებით მიმართავდა საქართველოს ხელისუფლებას და მათ ლენინგორის რაიონის მაცხოვრებლებისათვის გაზის მიწოდებას სთხოვდა. იმის გათვალისწინებით, რომ იქ, ძირითადად ქართული მოსახლეობა ცხოვრობს ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ საქართველოს ხელისუფლება შემხვედრ ნაბიჯებს გადადგამდა", _ აცხადებს ჯიოევი და დასძენს, რომ მიუხედავად ამისა ოთხი წელი ისე გავიდა საქართველომ ეს ნაბიჯი არ გადადგა.
"ამ დროისათვის ეს პრობლემა ჩვენთვის უკვე აქტუალური აღარ არის. სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობამ რაიონთან სატრანსპორტო მიმოსვლის საკითხი მოაგვარა და ახლა უკვე რაიონისათვის გაზის მიწოდების საკითხი წყდება.
ხოლო რაც შეეხება სამხრეთ ოსეთის დანარჩენ ნაწილს ის გაზით უკვე უზრუნველყოფილია რომელიც რუსეთიდან 2009 წლიდან შემოდის. კიდევ ვიმეორებ - ქართული გაზის ახალგორის რაიონისათვის მიწოდება უკვე აქტუალური აღარ არის", _ აცხადებს მურატ ჯიოევი.
მისივე თქმით, საქართველო თავად იღებს ბუნებრივ აირს აზერბაიჯანიდან და საკმაოდ დაბალ ფასში, ე.წ. სამხრეთ ოსეთს კი"მას ოთხჯერ უფრო ძვირ ფასად სთავაზობდა ვიდრე ის ბუნებრივი აირია, რომელსაც რუსეთიდან ვიღებთ".