რუსეთთან მოლაპარაკების დროს რუსეთის მთავრობის კატეგორიული მოთხოვნა იყო საქართველომ უარი თქვას ჩერქეზების გენოციდის აღიარებაზე და შეწყვიტოს ამ თემის პოპულარიზაცია. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ინფორმირებულმა წყარომ აცნობა. მისივე ინფორმაციით, რუსეთი აღიარების გაუქმების გარდა გარდა მოითხოვს, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ანაკლიაში გენოციდის ხსოვნისადმი მიძღვნილი მონუმენტის აღებას.
"ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, გენოციდის აღიარების საკითხზე მომუშავე ერთ-ერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა კერძოდ მაშინდელი სახელმწიფო მინისტრის პაპუნა დავითაიას მოადგილემ ნიკოლოზ ავალიანმა მისი პოსტზე არ ყოფნის პერიოდშიც გააგრძელა ამ კუთხით საქმიანობა, წყაროს ცნობით ის დაუკავშირდა უცხოეთში მცხოვრებ ჩერქეზებს და მოუწოდა რომ არ დაუშვან რუსეთის ხელისუფლების ზეწოლის შედეგად საქართველომ უარი თქვას გენოციდის აღიარებაზე.
წყაროს ცნობით არსებობს ფაქტები, რომ ჩრდილოკავკასიურ ხალხებთან ურთიერთობის თემებზე მომუშავე ადამიანები ახალი მთავრობის პირობებში ზეწოლას განიცდიან. როგორც წყარო განმარტავს, ეს შეიძლება რუსეთის ხელისუფლების კატეგორიული მოთხოვნის შედეგი იყოს, რადგან 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის წინ რუსეთს ყველაზე მეტად არ აწყობს ჩერქეზთა გენოციდის თემის დასავლეთში პოპულარიზაცია. "ჯი-ეიჩ-ენი" ცდილობდა ნიკა ავალიანთან დაკავშირებას, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
შეგახსენებთ, რომ 2011 წელს სააქართველოს პარლამენტმა აღიარა ჩერქეზთა გენოციდი, ხოლო მოგვიანებით კი დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ანაკლიაში გენოციდის ხსოვნისადმი მიძღვნილი მონუმენტი აღმართა.