,,ეროვნული ფორუმი" ,,ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს" აღარ შეუერთდება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,ეროვნული ფორუმის" წევრმა ანი მიროტაძემ განაცხადა, მიზეზი ორი პარტიის გაერთიანების შედეგად ერთი დიდი ,,პოლიტიკური მონსტრის" შესაძლო ჩამოყალიბება გახდა.
"ეროვნულ ფორუმს" საკმაოდ ვრცელი და წარმატებული პოლიტიკური ბიოგრაფია აქვს და შესაბამისად გააჩნია რესურსი, რომ გააგრძელოს მოღვაწეობა, როგორც ცალკე პოლიტიკურმა სუბიექტმა. რაც შეეხება იმას, სამომავლოდ მოხდება თუ არა ორი პარტიის გაერთიანება, ეს საკითხი დახურული არ არის და არ გამოვრიცხავ ამ მიმართულებით კონსულტაციების გაგრძელებას. თუმცა ამ ეტაპზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ,,ეროვნული ფორუმისა" და ,,ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს" გაერთიანება არ მოხდეს", -განაცხადა მიროტაძემ და აღნიშნა, რომ ,,ეროვნული ფორუმისა" ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" არ შემდგარი ერთობის მიზეზი ორი პარტიის გაერთიანების შედეგად ერთი დიდი ,,პოლიტიკური მონსტრის" შესაძლო ჩამოყალიბება გახდა.
,, ორი პარტიის გაერთიანების შესახებ საუბარი როცა მიმდინარეობა გაჩნდა, ჩემი აზრით, საკმაოდ ლეგიტიმური და სამართლიანი აზრი, რომ ორი პარტიის გაერთიანებით შესაძლოა ,,პოლიტიკური მონსტრი" მივიღოთ, რითაც შესაძლოა სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს ცოტა პრობლემები შექმნოდათ. ამიტომ სწორედ ეს ერთადერთი მიზეზია რამაც ჩვენი გაერთიანების პროცესი შეაჩერა", -განაცხადა სააგენტო ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ანი მიროტაძემ, რომელიც ნაადრევად მიიჩნევს საუბარს ,,ეროვნული ფორუმის" ცალკე ფრაქციად ჩამოყალიბების შესახებ.
,,ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ გავაკეთოთ ცალკე ფრაქცია, მაგრამ ამ ეტაპზე თავს შევიკავებ ამ თემაზე საუბრისგან, რადგან ცოტა ნაადრევად მიმაჩნია. ჩატარდეს ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ყრილობა და ამის შემდეგ რა რეალობაც იქნება იმის მიხედვით ვიმოქმედებთ", -განაცხადა მიროტაძემ და ,,ქართული ოცნება" დემოკრატიულ საქართველოს წარმატება უსურვა.