"ჟენევის ფორმატში დელეგაციების დაფიქსირებას, შეიძლება მოჰყვეს ჟენევის ფორმატის შეცვლა, რაც, არა მგონია, არსებულზე უკეთესი იყოს, _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი აფხაზური მხარის მოთხოვნის კომენტირებისას, რომელშიც სეპარატისტები მოლაპარაკებებზე არსებული ექსპერტების დონის დელეგაციების დონემდე ცვლილებას მოითხოვენ.
"ჯერჯერობით, ვერ დავინახეთ ნათლად ის, თუ რა შედეგს მოგვიტანს დელეგაციების შექმნა. ზოგადად, ყველაზე დიდი საშინელება უკვე მოხდა - 2008 წლის აგვისტოში. საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლების ავანტიურისტულმა პოლიტიკამ იმ მოვლენებამდე მიგვიყვანა. მას შემდეგ დანარჩენი საფრთხეები, რბილად რომ ითქვას, არასერიოზულად ჩანს იმასთან შედარებით, რაც მაშინ მოხდა", _ აცხადებს სახელმწიფო მინისტრი და აღნიშნავს, რომ 2008 წელს საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი ხალხის წინაშე დანაშაული ჩაიდინა და დაუშვა რუსეთის აგრესია, ოკუპაცია, შემდეგ კი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.
"რამდენადაც ჩვენ სააკაშვილის პოლიტიკას არ ვეთახმებით, უნდა ვეცადოთ, რომ ვიპოვოთ გამოსავალი და გამოვნახოთ პირდაპირი გზა აფხაზურ და ოსურ მხარეებთან, ჟენევის დისკუსიებში კი რუსეთ-საქართველოს ღერძი შევინარჩუნოთ და გავამყაროთ.
ჩვენ ქირურგიული სიფრთხილით უნდა ჩამოვაცილოთ ერთმანეთს რუსეთ-საქართველოს, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტები. არ უნდა გავადგათ ისეთი ნაბიჯი, რაც საქართველოს ინტერესებს დააზარალებს", _ აცხადებს ზაქარეიშვილი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თუ საქართველო ვერ დაინახავს ინტერესს რატომ შეიძლება, ფორმატი შეიცვალოს - საქართველო თანხმობას არ გასცემს.
"თუ საქართველო ვერ დაინახავს ინტერესს, რატომ შეიძლება, ფორმატი შეიცვალოს და თუ ჩვენს თანხმობაზე იქნება დამოკიდებული ბევრი რამ, რა თქმა უნდა, საქართველო თანხმობას არ გასცემს. შესაბამისად, დელეგაციები ვერ შეიქმნება.
ამიტომ ნუ გვეშინია საკუთარი ჩრდილების და ვიღაცების მიერ რაღაცის თქმის. თუ ყველაფერი ლაპარაკზეა დამოკიდებული, ჩვენც შეგვიძლია, საპასუხოდ განცხადებები ვაკეთოთ და ვილაპარაკოთ.
ხოლო თუ საქმეზეა პროცესი დამოკიდებული, უნდა დაგვიმტკიცონ, რომ დელეგაციების შექმნით რაღაცას მოვიგებთ. თუ შედეგი არ ჩანს, ან მოსალოდნელი შედეგი ჩვენთვის მიუღებელია, ჩვენი მხრიდან თანხმობა არ იქნება. მაგრამ შიში ლაპარაკის მიმართ უსუსური პოზიციაა, რომელიც მოწინააღმდეგეს აძლიერებს",_ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პაატა ზაქარეიშვილი.