თიბისი ბანკმა ლიტერატურული კონკურსზე „საბა" განაცხადების მიღება გამოაცხადა. წლევანდელი, რიგით მეთერთმეტე „საბა" მნიშვნელოვან სიახლეს სთავაზობს საზოგადოებას: კონკურსი საერთაშორისო მასშტაბს იძენს. მასში უცხოელი ლიტერატორები და მთარგმნელებიც მიიღებენ მონაწილეობას.
გაიზარდა ნომინაციების რაოდენობაც - წელს „საბა" 10 ნომინაციაში გაიცემა. ახალი ნომინაცია, რომელიც კონკურსს დაემატა, გულისხმობს ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანის გამოვლენას და დაჯილდოვებას.
ახალი პრიზის დაწესება მიზნად ისახავს ქართული ლიტერატურის უცხოურ ენაზე თარგმნის, მისი საზღვარგარეთ გატანა-პოპულარიზების წახალისებას. ამ ნომინაციაზე განიხილება ნებისმიერი ქართული ლიტერატურული ნაწარმოების თარგმანი ნებისმიერ უცხოურ ენაზე. ნომინაციაში კონკურსანტები იქნებიან ის ქართველი თუ უცხოელი მთარგმნელები, რომელთაც თარგმნეს ქართული ნაწარმოები.
„საბას" ჟიური 5 წევრისგან შედგება. იგი რამდენიმე თვის განმავლობაში განიხილავს და შეაფასებს 2012 წელს გამოცემულ წიგნებს. რაც შეეხება „ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანის" ნომინაციას, მასზე წარმოდგენილ ნამუშევრებს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს, რომელიც ქართველი და უცხოელი ლიტერატორებისგან იქნება დაკომპლექტებული. სწორედ მათ მიერ წარმოდგენილ რეცენზიებსა და დასკვნებზე დაყრდნობით გამოავლენს გამარჯვებულ მთარგმნელს „საბას" 5-კაციანი ჟიური.
„საბას" კონკურსზე წიგნების წარდგენა 10 თებერვლამდე გაგრძელდება. განაცხადის წარდგენა შეუძლიათ როგორც გამომცემლებს, ისე თავად ავტორებს და მთარგმნელებს. კონკურსზე განაცხადის წარდგენა ხდება ელექტრონულად, „საბას" ვებგვერდის www.saba.com.ge საშუალებით, ლინკზე: http://www.saba.com.ge/award/registration
პრემია „საბა" 2003 წელს დააფუძნა თიბისი ბანკმა და პენ ცენტრმა. პროექტის მუდმივი პარტნიორია სამაუწყებლო კომპნაია „რუსთავი 2". პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა, ამჯერად უკვე 10 ნომინაციის მიხედვით. გამარჯვებული ავტორები, „საბას" პრიზთან ერთად, თიბისი ბანკისგან სოლიდურ ფულად პრემიებსაც მიიღებენ.