ფილიპინებში დაკავებული ქართველი მეზღვაურების სამშობლოში დაბრუნების თარიღი კვლავ გაურკვეველია.
როგორც აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განუცხადა, მეზღვაურების სამშობლოში ჩამოსაყვანად აუცილებელი ბიუროკრატიული პროცედურების მოგვარება რთულად მიმდინარეობს.
ამასთან, მისივე განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით ფილიპინებში სამინისტროს ორი თანამშრომელი ამ დრომდე რჩება.
"ჩვენი სამინისტროს თანამშრომლები ფილიპინებში იქამდე დარჩებიან, ვიდრე ყველა ბიუროკრატიული პროცედურა არ მოგვარდება და მეზღვაურების სამშობლოში გადმოყვანა შესაძლებელი არ გახდება", - განმარტა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ ქართველ მეზღვაურებს ფილიპინების მხარემ 15 იანვარს ყველა ბრალდება მოუხსნა.
პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც 13 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა, ფილიპინებში 15 აგვისტოს დააკავეს.