დღეს, 20 იანვარს,სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსკოვში მიემგზავრება. 21 იანვარს დაგეგმილია დაჯილდოების ცერემონია, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მართლმადიდებელი ქრისტიანების ერთობის საერთაშორისო საზოგადოებრივი ფონდის ჯილდო გადაეცემა.
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მოსკოვში ვიზიტის წინ მრველს ლოცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა.
"მთელ საქართველოს მოგმართავთ, რომ ილოცოთ, რადგან მეტად რთული და ჩვენთვის საჭირო საკითხები იქნება განხილული", - განაცხადა ილია მეორემ და მრევლს "მოწყალებისა კარი განგვიღეს" მრავალჯერ გამეორებისკენ მოუწოდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, 21 იანვარს მოსკოვში საერთაშორისო საზოგადოებრივი ერთობის ფონდის ყოველწლიური, რიგირ მე-13 დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება, რომელსაც რუსეთისა და მოსკოვის პატრიარქი, უწმინდესი კირილი უხელმძღვანელებს. ფონდის მიერ დაწესებული პატრიარქ ალექსი მეორის პრემიით - "გამორჩეული საქმიანობისა და მართლმადიდებელ ხალხებს შორის ერთობის განმტკიცებისათვის ქრისტიანული ფასეულობების დამყარებისა და განმტკიცებისთვის საზოგადოებაში" საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II კიდევ რამდენიმე პირთან ერთად დაჯილდოვდება.
საზეიმო ღონისძიებას 1500-მდე სტუმარი დაესწრება, მათ შორის რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებიც იქნებიან.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მოსკოვში ავიაკომპანია „აირზენას" ჩარტერული რეისით გაფრინდება. როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 13:00 საათზე შესრულდება.