ხელვაჩაურში. კომპანია ,,BATUM MEAT COMBINAT"-მა ახალი სასაკლაო მეურნეობა გაიხსნა. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე გავა და სხვადასხვა კვების ობიექტებს მიეწოდება. კომბინატის წარმომადგენლების განცხადებით, მაღალი ხარისხის საქონლის ხორცს უცხოეთიდან შემოტანილი თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარებითა და სანიტარიული ნორმების დაცვით ჩაიბარებენ. კომპანიამ წარმოებაში 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
BATUM MEAT COMBINAT"-მ 2011 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პირობიანი იჯარით აიღო სოფელ ერგეში მდებარე ყოფილი მეცხოველეობის ფერმა, სადაც მოაწყო თანამედროვე ტიპის სასაკლაო მეურნეობა, საქონლის ფერმა და ორსაკნიანი (20 ტონიანი) საქონლის ხორცის შესანახი სამაცივრე მეურნეობა. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა საქონლის ხორცის წარმოება.
სასაკლაოს ტექნოლოგიური მანქანა-დანადგარები შემოტანილი იქნა თურქეთის რესპუბლიკიდან. ამ ეტაპზე განხორციელებული იქნა 2 მილიონი ლარის ინვესტიცია. და დასაქმებულია 20 ადამიანი.
ფერმაში შემოყვანილია 30 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ხოლო მომავალი კვირისათვის 50 სული პირუტყვის შემოყვანა იგეგმება აჭარა-გურიის, წალკისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებიდან.
აღნიშნული თანამედროვე სტანდარტების სასაკლაოს ამოქმედებით რეგიონის სამომხმარებლო ბაზარს, რესტორნებს, სასტუმრო ქსელებსა თუ სხვადასხვა კვების ობიექტებს მიეწოდება სანიტარული ნორმების დაცვით წარმოებული მაღალი ხარისხის საქონლის ხორცი, რაც გამორიცხავს უვარგისი ხორცპროდუქტებით მოსახლეობისა და ტურისტების უზრუნველყოფის საფრთხეს.
სასაკლაო მეურნეობების ამოქმედება რეგიონის ფერმერთათვის ხელშემწყობი ფაქტორი იქნება პირუტყვის რეალიზაციის საქმეში, რომელიც ამავდროულად გაზრდის მოტივაციას რეგიონში მესაქონლეობის განვითარების მიმართულებით.