აზიის განვითარების ბანკი საქართველოს რეგიონებს და მცირე ბიზნესს კრედიტის ოდენობის ზრდით ეხმარება „აზიის განვითარების ბანკმა" „თიბისი ბანკის" სესხი დაუმტკიცა, რაც ქვეყანაში ფინანსური სექტორის ზრდასა და ფინანსური სერვისების დივერსიფიკაციას შეუწყობს ხელს.
„ეს არის აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოს ნაკლებად მომსახურებადი რეგიონებისთვის გამოყოფილი პირველი სესხი. რეგიონებში, სადაც სიღარიბე ფართოდ არის გავრცელებული და მოსახლეობის ნაწილი იზოლირებულად ცხოვრობს, სოფლის მეურნეობის პირობებში მოსახლეობა საბანკო კრედიტის მხოლოდ 20%-ს იღებს"- აცხადებენ „აზიის განვითარების ბანკში".
როგორც ცნობილია, „თიბისი ბანკი" გასცემს სესხებს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, ამას გარდა, სესხების გაცემაში ჩაერთვება ბანკის შვილობილი მიკროსაფინანსო ბანკი "კონსტანტა", რომლის საშუალებით მცირე მეწარმეებისთვის სესხის გამოყოფა საქართველოს რეგიონებში მოხდება. გარდა დამტკიცებული 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხისა, აზიის განვითარების ბანკი ასევე უზრუნველყოფს ტექნიკურ დახმარებას, რაც გააუმჯობესებს თი ბი სი ბანკის სერვისებს რეგიონებში მოქმედი მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის.
"აზიის განვითარების ბანკის დახმარება უზრუნველყოფს ფინანსების ხელმისაწვდომობას ნაკლებად განვითარებული და ღარიბი რეგიონებისთვის, და ამავე დროს, ხელს შეუწყობს რისკების დივერსიფიკაციას და სტაბილურობას საქართველოში მოქმედი ბანკებისთვის",- ამბობს რეინერ ჰარტელი, აზიის განვითარების ბანკის კერძო სექტორის დეპარტამენტის წარმომადგენელი.
ამას გარდა, აზიის განვითარების ბანკი უზრუნველყოფს გრანტს ტექნიკური დახმარების სახით. აღნიშნული ტექნიკური დახმარების ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკი შეძლებს ბაზელი II-ის რისკებზე დაფუძნებული მარეგულირებელი სტანდარტის შემოღებას ბანკებისთვის, მათ შორის თი ბი სი ბანკისთვის. აღნიშნული დახმარება ხელს შეუწყობს ეკონომიკური აქტივობის ზრდას და სოფლის მეურნეობაში, ტურიზმში, ასევე სამშენებლო და მომსახურების სფეროებში რეგიონული მოსახლეობის ჩართულობასა და დასაქმებას.
აღნიშნული სესხი არის საქართველოს საბანკო სისტემისთვის გამოყოფილი რიგით მესამე სესხი. ის კიდევ ერთხელ ადასტურებს აზიის განვითარების ბანკის მზადყოფნას ხელი შეუწყოს საქართველოს ფინანსური სექტორის განვითარებასა და დივერსიფიკაციას საქართველოს ღარიბი რეგიონული მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით. ბანკებს შორის კონკურენციის ხელშეწყობა და ნაკლებად უზრუნველყოფილ მომხმარებლებთან მუშაობა აუცილებელია ფინანსური მომსახურების მდგრადი განვითარებისა და დივერსიფიკაციისათვის.
2007 წლიდან ბანკის მიერ საქართველოში პროგრამების დასაფინანსებლად 1.1 მილიარდ დოლარზე მეტია დამტკიცებული. აღნიშნული თანხიდან 163 მილიონი აშშ დოლარი კერძო სექტორის პირდაპირი დაფინანსებისთვის გამოიყო.
აზიის განვითარების ბანკი, რომლის სათავო ოფისი მანილაში, ფილიპინებზე მდებარეობს, მიზნად ისახავს აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში სიღარიბის დონის შემცირებას ეკონომიკური ზრდის, გარემოს დაცვითი ღონისძიებების და რეგიონული ინტეგრაციის მეშვეობით. 2011 წელს აზიის განვითარების ბანკის მიერ დამტკიცებული სესხების ოდენობამ, თანადაფინანსების ჩათვლით, 21.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.