,,ვუშვებ შესაძლებლობას, რომ მიხეილ სააკაშვილს სამეგრელოში საპრეზიდენტო რეზიდენციის გადატანით სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსეთის საოკუპაციო ჯარების შემოტყუება სურდეს", -განაცხადა სააგენტო ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ და აღნიშნა, რომ ძველ და ახალ ხელისუფლებას შორის კოჰაბიტაცია ვერ შედგა.
,,ცხადია, რომ ძველ და ახალ ხელისუფლებას შორის კოჰაბიტაციის პროცესი არ შედგა და ამას პრინციპში არც ბიძინა ივანიშვილი უარყოფს. პრემიერმა ,,ობიექტივისთვის" მიცემულ ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპელებსა და ამერიკელებს უარი განუცხადა კოჰაბიტაციის იმ მოდელზე რომელსაც სთავაზობდნენ, სადაც გადამწყვეტი იყო ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრების ხელშეუხებლობა და იმ დანაშაულზე თვალის დახუჭვა, რომელსაც ცხრა წლის მანძილზე ჩადიოდნენ. ფორმალურადაც კი არცერთი მხარე თანამშრომლობის სურვილსაც აღარ გამოთქვამს", -განაცხადა ლაგაზიძემ და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი სამეგრელოში გადასვლით ქვეყნის მართავაზე პასუხისმგებლობას მოიხსნის.
,, პრეზიდენტის გუშინდელი განცხადებები სახიფათოა იმ თვალსაზრისით, რომ სააკაშვილი სახიფათო საკითხს ეთამაშება _სამეგრელოს თემას. აფხაზეთის საზღვართან ახლოს საპრეზიდენტო რეზიდენციის გადატანით, ფაქტობრივად, პრეზიდენტმა სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობას მოიხსნის. პრეზიდენტის რანგში მყოფი პირი როცა პასუხისმგებლობას იხსნის საკუთარი ქვეყნის წინაშე და მხოლოდ საკუთარი ამბიციებიდან გამომდინარე მოქმედებს, შეიძლება დადგეს მისი თანამდებობრვი პასუხისმგებლობის საკითხი", -განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ხათუნა ლაგაზიძემ და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მხრიდან სამეგრელოს საკითხით მანიპულირებამ შესაძლოა ქვეყანაში ვითარება უფრო დაძაბოს.
,,პრეზიდენტი მართლაც თუ წავა ამ ნაბიჯზე და სამეგრელოში დაიწყო ეთნიკურ ფესვებით მანიპულირება ასეთ პირობებში გარკვეული სეპარატისტული მოძრაობის ინსპირირების საფრთხე არსებობს", -განაცხადა ხათუნა ლაგაძიზემ და აღნიშნა, რომ სამეგრელოში სააკაშვილს საპრეზიდენტო ადმინისტრაციული ცენტრის გადატანით შესაძლოა რუსეთის საოკუპაციო ჯარის შემოტყუება სურდეს.
,,ვუშვებ ასეთ შესაძლებლობას, რომ მიხეილ სააკაშვილს სამეგრელოში საპრეზიდენტო რეზიდენციის გადატანით სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსეთის საოკუპაციო ჯარების შემოტყუება სურდეს", -განაცხადა სააგენტო ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამუშაოდ ზუგდიდის რეზიდენციაში გადადის. გაზეთ "რეზონანსის" ცნობით, შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდის რეზიდენციაში გადავიდეს და ქვეყანა იქიდან მართოს. როგორც "რეზონანსი" იუწყება, აღნიშნული ინფორმაციის შესახებ პრეზიდენტმა სამეგრელოში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა. გავრცელებულ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახურში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.