"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე.
მისი თქმით, ღარიბაშვილის განცხადებების მიზანი შეიძლება იყოს, როგორც თავდაცვა, ასევე ხელისუფლების დაზიანება.
"ალბათ, ამას ორი მიზეზი აქვს – ერთი, რომ თავი დაიცვას და პოლიტიკური ქოლგის ქვეშ აღმოჩნდეს. მეორე – რაც შეიძლება მეტი ზარალი მიაყენო იმ ხელისუფლებას, რომლის ლიდერი ერთი პერიოდი თავად იყავი, მაგრამ დღეს, სააშკარაოზე გამოგიყვანა, როგორც დამნაშავე. ადამიანმა თავი მოიკლა, დადასტურებულია, სამწუხაროა, მაგრამ არ შეიძლება, ამ ვითარებასთან კავშირი ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, ამ თემების გამოყენება, წამოწევა დიდ სინანულს უკავშირდება, მაგრამ ამავე დროს, არ აქვს არანაირი ფასი, არც პროპაგანდისტული თვალსაზრისით და არც სამართლებრივად არანაირ კონტექსტში არ ჯდება", - აღნიშნა ვოლსკიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს დიდძალი ქონება ჰქონდა დაგროვილი უკანონო გზებით.
"გადაღებულია ქონება, რომელიც შენახული იყო – ოქროს ზოდებიდან დაწყებული, საათებით დასრულებული, საკმაოდ სერიოზული ფინანსური რესურსი ჰქონდა დაგროვილი უკანონო გზით. ეს თავად აღიარა, სამწუხაროა, ემპათია არსებობს. მისმა გუნდმა ამით რეპუტაციული ზიანი განიცადა, მაგრამ ყველანი მორალურად მართლები უნდა ვიყოთ. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რაც აღიარა, დიდი დანაშაულია", - დასძინა მან.