განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის გადაწყვეტილებით, კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრის საერთო საცხოვრებელი ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე გარემონტდება.
ამის შესახებ შაშკინმა დღეს, კაჭრეთში სტუმრობისას განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ პროფესიული სწავლების ცენტრის საერთო საცხოვრებლის რეაბილიტირების შედეგადც 300-მდე სტუდენტი სერთაშორისო სტანდარტების შესაბის გარემოში შეძლებს ცხოვრებას. ამჟამად, ცუდი პირობების გამო, კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრის საერთო საცხოვრებელში მხოლოდ 80 სტუდენტია დაბინავებული.
კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრში, ვიზიტის ფარგლებში, დიმიტრი შაშკინმა ასევე საუკეთესო სტუდენტები სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.
კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრი 2007 წელს გაიხსნა და იგი კახეთის რეგიონში ერთადერთი რეაბილიტირებული, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თანამედროვე პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაა. ცენტრში, გარდა სახელობო პროფესიული სწავლების პროგრამისა, ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული ზრდასრულთა გადამზადების პროგრამა და კახეთის ხუთი რაიონისათვის ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის საქმიანობა.
ცენტრში 2009 წელს გადამზადება გაიარა 616 სტუდენტმა. კურსდამთავრებულთა 80% დასაქმებულია.