ახალი წლიდან ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხელფასი იზრდება. ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ავღანეთში თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას ვიზიტის შემდეგ მიიღო.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი დღეს თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა გამართა. რიგითის ხელფასი 40 %-ით იზრდება და 715 დოლარის ნაცვლად 1001 დოლარი იქნება.კაპრალის ხელფასი 33%-ით მატულობს და 780 დოლარის ნაცვლად 1040 დოლარი გახდება.უმცროსი სერჟანტები 845 დოლარის ნაცვლად 1079 დოლარს მიიღებენ.სერჟანტები 910 დოლარის ნაცვლად - 1118 დოლარს.
იზრდება უფროსი სერჟანტის ხელფასიც - 975 დოლარის ნაცვალად 1157 დოლარი.
12%-ით იზრდება მასტერ-სერჟანტის ხელფასი, 11%-ით - მთავარი სერჟანტის,
9%-ით ლეიტენანტების და უფროსი ლეიტენანტების ხელფასი.
ასევე, იზრდება კაპიტნების, მაიორების, ვიცე-პოლკოვნიკებისა და პოლკოვნიკების ანაზღაურება.
ქართველ ჯარისკაცებისთვის, რომლებიც მრავალი წელია ავღანეთში პირნათლად და წარმატებით ასრულებენ მისიას, მომავალი წლიდან ხელფასის გაზრდა პირველი პრეცედენტია.
"ავღანეთში მყოფმა ქართველმა სამხედროებმა მხოლოდ ერთხელ - 2011 წელს აიღეს პრემია, ერთ სამხედროზე - საშუალოდ 365 ლარის ოდენობით. მაშინ, როდესაც 2009 წლის სექტემბრიდან 2012 წლის ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და გაერთიანებულ შტაბში ფულადი პრემიის სახით გაცემულია 41 მილიონ 164 ათასი ლარი" - განაცხადა ვაკო ავალიანმა.
თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებულ შტაბში გაცემული პრემიების, ასევე, სამოქალაქო პირების იარაღით დაჯილდოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მედიის წარმომადგენლებს გენერალური ინსპექციის უფროსმა ანდრია გოცირიძემ მიაწოდა.
„მიუხედავად იმისა, რომ სამი წლის მანძილზე გაცემული პრემიის რაოდენობა 40 მილიონს შეადგენს, არსებობდა ასევე ამ პრემიების საიდუმლო ბრაძანებებით გაცემის მანკიერი პრაქტიკა. აღნიშნული ბრძანებებით გაცემულია 19 მილიონამდე ლარის საიდუმლო პრემია, რომელსაც ერთი და იგივე მაღალი თანამდებობის პირები იღებდნენ. აღნიშნულ ფაქტებში საქართველოს გენერალურმა ინსპექციამ ვერ იპოვა სამართალდარღვევის ფაქტები. შესაბამისად, ეს არ განეკუთვნება სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯად ქმედებას" - აღნიშნა გენერალური ინსპექციის უფროსმა.
ანდრია გოცირიძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროში ასევე, არსებობდა სამხედრო და სამოქალაქო პირებისათვის საბრძოლო იარაღის ჯილდოდ გადაცემის პრაქტიკა. 2009-2012 წლებში სამხედრო და სამოქალაქო პირებზე 756 000 ლარის 161 ერთეული იარაღია საჩუქრად გადაცემული. ნიშანდობლივი და საყურადღებოა, რომ 2012 წლის 3-10 ოქტომბრის პერიოდში, 55 სამხედრო და სამოქალაქო მოსამსახურეზე ჯილდოდ დაახლოებით 207 ათასი ლარის ღირებულების იარაღი გაიცა.
„იარაღით დაჯილდოების საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულებრივი ნიშნები გამოიკვეთა. 29 მოქალაქეს, რომლებსაც იმ მომენტისათვის არანაირი შეხება არ ჰქონია თავდაცვის სამინისტროსა დ გაერთიანებულ შტაბთან, ჯილდოდ გადაეცათ სხვადასხვა ღირებულების ძვირადღირებული იარაღი, რაც მოქმედი კანონმდებლობის დარღვევაა და მასალები აღნიშნულის შესახებ გადაეცემა საქართველოს მთავარ პროკურატურას" - განაცხადა ანდრია გოცირიძემ.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, გენერალური ინსპექციის უფროსმა ყურადღება გაამახვილა თავდაცვის სამინისტროში წახალისების გამჭვირვალე და ეფექტური მექანიზმის არარსებობის შესახებ. მისივე განაცხადებით, აღნიშნულ საკითზე სამხედრო უწყებაში მუშაობა დაიწყება.