ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობასა და თურქულ-კორეულ კონსორციუმს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი ნოემბერში გაფორმდება. ამის შესახებ განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა პარლამენტში სამთავრობო საათზე გააკეთა.
მისი თქმით, მემორანდუმის თანახმად, კონსორციუმი ვალდებულებას იღებს, რომ კასკადის მშენებლობა 2011 წლისთვის დაიწყება. პროექტის განხორციელებაზე 800 მლნ. აშშ დოლარამდე ინვესტიცია ჩაიდება.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში განაცხადების მიღება მდინარე რიონზე 450 მგვ-იანი ნამახვანის კასკადის მშენებლობის ინტერესთა გამოხატვაზე აგვისტოში დამთავრდა. თურქული კომპანია "ნუროლი", კორეული კომპანიები KEPCO და SKE &C კონსორციუმში გაერთიანდნენ, რათა მონაწილეობა მიიღონ აღნიშნული პროექტის განხორციელებაში.
ნამახვანის კასკადი არის სამეტაპიანი კასკადი ჯამური წლიური გამომუშავებით 1650 გვტ/სთ, რომელიც იყენებს მდ. რიონის მნიშვნელოვან ჰიდროპოტენციალს. იგი შედგება სამი ჰესისაგან: ტვიშის ჰირდოელექტროსადგური _ დადგმული სიმძლავრე 100 მგვტ. ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური _ დადგმული სიმძლავრე 250 მგვტ. ჟონეთის ჰიდროელექტროსადგური _ დადგმული სიმძლავრე 100 მგვტ.