"საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივას და ჩიხიდან გამოსავალს ვერ ვხედავ", - აცხადებს რუსეთის დუმის დეპუტატი, პარტია "ედინაია როსიას" წევრი, ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვალერი შლიაკინი.
"ნგრევა ყოველთვის უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე შენება. საქართველოს თავდასხმამ სამხრეთ ოსეთზე დაანგრია ჩვენი პოლიტიკური, ეკონომიკური და ზოგი ადამიანური კონტაქტიც: ალბათ ყველას ახსოვს კიკაბიძესთან დაკავშირებული შემთხვევა. ყველამ კარგად იცის, რომ მანამ, ვიდრე საჭესთან სააკაშვილი დგას, რომელიც გამუდმებით უსმენს დასავლელ მრჩეველებს და თავად არავითარ გადაწყვეტილებას არ იღებს, ჩვენ ქვეყნებს შორის კონტაქტი არ შედგება",_ აცხადებს დეპუტატი და აღნიშნავს, რომ მისი აზრით, საქართველოში ხელისუფლების შეცვლამდე რუსეთი მოთმინებით პოზიციას დაიკავებს.
"არავითარი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან გადადგმული არ იქნება. შეიძლება ეს მხოლოდ ეკონომიკური მიმართულებით განხორციელდეს, შესაძლოა, ჩვენს ბაზარზე ქართული ღვინო და "ბორჯომი" დაბრუნდეს. ზოგადად, ძალიან პესიმისტურად ვუყურებ ჩვენი ურთიერთობის მომავალს და არსებული ჩიხიდან გამოსავალს ვერ ვხედავ. მეორე მხრივ კი, რამდენი წელია უკვე იაპონიასთან პრაქტიკულად ომის მდგომარეობაში ვცხოვრობთ - ჩვენ შორის სამშვიდობო შეთანხმება ამ დრომდე არ არის და თითქოს არაფერი - ვურთიერთობთ", _ აცხადებს შლიაკინი და აღნიშნავს, რომ მისი აზრით, მოვლენების იდეალური განვითარების ვარიანტი იქნებოდა შემდეგნაირი: "რუსეთი აყვავდება, იქნება მდიდარი და მიმზიდველი ქვეყანა და საქართველო, როგორც 1801 წელს, კვლავ ითხოვს მის შემადგენლობაში შესვლას, მაგრამ უკვე არა რუსეთის იმპერიაში, არამედ რუსეთის სახელმწიფოში", _ ამბობს "ედინაია როსიას" წევრი.