"ნაციონალური მოძრაობა" მუშაობის რეჟიმს ცვლის, - ამის შესახებ განცხადება პარტიის გენერალურმა მდივანმა ივანე მერაბიშვილმა გააკეთა, მერაბიშვილის განმარტებით, მიმდინარე მოვლენების ფონზე, როდესაც დაკავებულნი არიან „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი და ყოფილი მაღალჩინოსანი ალექსანდრე ხეთაგური, მეტყველებს იმაზე, რომ ახალი ხელისუფლება ცდილობს გააკონტროლოს ყველაფერი, რაც დღეს მის კონტროლქვეშ არაა.
„ამ ფონზე "ნაციონალური მოძრაობა" იძულებული გახდა, მუშაობის სხვა რეჟიმზე გადაერთოს, რათა საქართველოში არ დაუშვას, დემოკრატიის შეზღუდვა, რათა საქართველო არ დაბრუნდეს იმ ბნელ წარსულში, რომელშიც წლების განმავლობაში იმყოფებოდა. სხვათა შორის, ალექსანდრე ხეთაგურის დაკავება, რომელიც არის სიმბოლო საქართველოში ენერგომაფიის დამარცხების, და პირადად ეს ადამიანი არის, შევარდნაძის ჩამქრალი, გაყინული, კორუმპირებული საქართველო ექცია განათებულ და სტაბილურ ენერგომომარაგების ქვეყნად, მისი სასაცილო ბრალდება მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლება არის ისტერიკაში და ცდილობს ყოველივე ალტერნატიული რაც კი არსებობს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ვერ აკონტროლებს, ყველაფერი ეს გაკონტროლდეს"- აცხადებს ვანო მერაბიშვილი.
მისივე განმარტებით, ის დაკავებები, რომელიც გუშინ განხორციელდა არის გაუგონარი.
„ის რაც მოხდა გუშინ, კერძოდ „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის დაკავება, მასთან ერთად მოხდა ყოფილი სახელმწიფო მოხელეების, მათ შორის ყოფილი ენერგეტიკისა და ფინანსთა მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის დაკავება. ეს არის გაუგონარი ფაქტი. მინდა გითხრათ, რომ მოქმედი, დამოუკიდებელი მედია საშუალების დირექტორის დაკავება, არსად არ მომხდარა, მე პირადად არ მახსოვს, თვით რუსეთშიც კი. დღევანდელმა მთავრობამ უკვე გააკეთა დეკლარირება, რომ ის არ აპირებს, ის ვერ ახერხებს ვერცერთი წინასაარჩევნო, სოციალური დაპირების შესრულებას. ამ ფონზე ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მთავარი აქცენტები თავის მუშაობის გადაიტანოს, იმაზე, რომ საქართველოში არ არსებობს არც ერთი პარტია, არც ერთი ორგანო და არც ერთი დაწესებულება, რომელიც არ ექვემდებარება ივანიშვილის პირად დიქტატს. ყველაფერი რაც არის საქართველოში, მისგან დამოუკიდებელი, მისი წარმოდგენით საქართველოში არ უნდა არსებობდეს. არ უნდა არსებობდეს ოპოზიციური პარტია ეს მან უკვე განაცხადა, არ უნდა არსებობდეს თავისუფალი ტელევიზია - ამაზე მან არაერთხელ ისაუბრა, არ უნდა არსებობდეს სასამართლო, რომელსაც ის პირადად ვერ აკონტროლებს, და საერთოდ საქართველოში არაფერი არ უნდა არსებობდეს, რაც მის პირად კონტროლქვეშ არ არის",- აცხადებს მერაბიშვილი