რეინეტგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ბათუმის პრესკაფეში შეხვედრა გამართა. შეხვედრაში აჭარაში მცხოვრები ეთნიკური აფხაზები, აფხაზეთიდან დევნილები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სოციალური ჯგუფის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა. სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა მათ კონფლიქტების მშვდიდობიანი დარეგულირების შესახებ ახალი მთავრობის ხედვები გააცნო და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზეც იმსჯელა.
"ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია აჭარაში მცხოვრები აფხაზების მოსაზრებები კონფლიქტის მოგვარების შესახებ", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ - ადა ქუთელიამ აფხაზური ენის სწავლების შესახებ ისაუბრა.
"ბათუმში გავხსენით საკვირაო სკოლა, სადაც სხვადასხვა ასაკის ადამიანები აფხაზურ ენას სწავლობენ. მე ვიყავი ჩასული აფხაზეთში და აფხაზური ენის განვითარების ფონდს ვეწვიე. შევატყობინე მათ, რომ აქ - ბათუმში საკვირაო სკოლაში აფხაზურ ენას ვასწავლი. ამის შემდეგ აფხაზეთში აფხაზურ ენაზე შედგენილი რამდენიმე ათეული ბროშურა და წიგნი მაჩუქეს, რომლებიც შემდეგ ბათუმში, ჩვენს მოსწავლეებს გადავეცი საჩუქრად", - განაცხადა ადა ქუთელიამ.
სახელმწიფო მინისტრის განცხადებით კი, აფხაზური ენა აფხაზეთის ტერიტორიაზე სახელმწიფო ენაა და ამასთან, მას მიაჩნია, რომ დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზურმა ოფიციალური ენის სტატუსი უნდა შეიძინოს, რათა ეთნიკურად აფხაზ მოქალაქეებს მშობლიურ ენაზე ინფორმაციისა და მომსახურების მიღების საშუალება ჰქონდეთ.
შეხვედრის მონაწილე დევნილმა მოქალაქეებმა კი საცხოვრებელი ფართის პრობლემების მოგვარებაში დახმარება ითხოვეს. სახელმწიფო მინისტრმა პასუხად განაცახდა, რომ სამ წელიწადში საქართველოში ყველა დევნილისა და იძულებით გადაადგილებული პირის სოციალური, მათ შორის საცხოვრებელი ფართის პრობლემა მოგვარებული უნდა იყოს. მისივე თქმით, დევნილების დაბურენება პოლიტიკური საკითხია და შედარებით მეტ დროს საჭიროებს.
შეხვედრა ასოციაცია "თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის" ორგანიზებით გაიმართა.