ახლა ლუის ნავაროს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და საზოგადოებაში ნდობის ამაღლება სჭირდება", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში "არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელმა კახა კახიშვილმა NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კვლევები ნავაროს საკუთარი თავის რეაბილიტაციისთვის სჭირდება.
"2012 წლის პირველ ოქტომბრამდე არაერთხელ მითქვამს, რომ საზოგადოებაში შიში არსებობდა, მით უფრო, პოლიტიკურ თემებზე საუბრისას. შესაბამისად, აქამდე გამოქვეყნებული რეიტინგები მოსახლეობის რეალურ განწყობას ვერ ასახავდა. მით უმეტეს, NDI-ის რეიტინგები, რომლის ხელმძღვანელი ლუის ნავარო პირდაპირ ასოცირდებოდა "ნაციონალურ მოძრაობის" ელიტასთან მეგობრობასთან. მინდა აღვნიშნო, რომ NDI საპატივცემულო ორგანიზაციაა და საქართველოში ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული, მაგრამ საქართველოში NDI-ის წარმომადგენელი ბოლო პერიოდში მუშაობდა საკუთარი პოლიტიკური გემოვნებისა და მეგობრობის კუთხით. ამის დადასტურებაა თუნდაც ის, რომ მიუხედავად საზოგადოების უმრავლესობის მოთხოვნისა, შეეცვლა ლუის ნავაროს კვლევის ჩამტარებელი ორგანიზაცია (CRRC) - რადგან მისი მისამართით არასათანადო ნდობა არსებობდა - ნავარო კვლევებს ჯიუტად მაინც მას უკვეთდა", _ განაცხადა კახიშვილმა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას და აღნიშნა, რომ ნავარო დილემის წინაშე დგას.
"სიტუაცია შეიცვალა და თავად ნავარო დიდი დილემის წინაშე დგას. ვნახეთ, რომ წინასაარჩევნოდ NDI-ის მიერ ჩატარებულ კვლევასთან შედარებით საპარლამენტო არჩევნებზე ბევრად განსხვავებული შედეგები დაიდო. ახლა ნავაროს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და საზოგადოებაში ნდობის ამაღლება სჭირდება, რადგან ვერ გათვალა, რომ საქართველოში სააკაშვილის რეალობის შეცვლა შესაძლებელი იყო. მას ორთვიანი პაუზა ჰქონდა, საზოგადოებაში ნაკლებად ჩნდებოდა, ბოლო პერიოდში გამოცოცხლდა და ცდილობს "ქართული ოცნებისთვის" მაღალი რეიტინგების გამოქვეყნებით საკუთარი თავის რეაბილიტაცია მოახდინოს და დაანახოს საზოგადოებას, რომ წლების განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ რეალურ სურათს ასახავდა", _ განაცხადა კახიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ NDI-მ პოლიტიკური პარტიის რეიტინგები გამოაქვეყნა. კველვის მიხედვით, კოალიცია "ქართულ ოცნებას" გამოკითხულთა 63% უჭერს მხარს, "ნაციონალურ მოძრაობას" - 10%, ხოლო რესპონდენტთა 3% მხარს "ქდმ"-ს უჭერს. NDI-ის კვლევის საველე სამუშაო ჩატარდა 14-25 ნოემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 1,947 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (შიდა) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC). კვლევაში ცდომილების ზღვარი +-3%-ია.