აფხაზი სეპარატისტები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების უსწრაფეს და სავალალო ფინალს წინასწარმეტყველებენ.
"თუ მოლაპარაკებების მონაწილეთა მიერ შეთავაზებულ ყველა კონსტრუქციულ წინადადებაზე ქართველი წარმომადგენლები უარის თქმას გაააგრძელებენ, მაშინ ჟენევის დისკუსიებს მალე ელოდება სამწუხარო ფინალი. აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა ჟენენის საერთაშორისო მოლაპარაკებების ჩატარებული 22-ე რაუნდის შედეგების კომენტირებისას.
მისივე თქმით, დისკუსიები ორ სამუშაო ჯგუფში მიმდინარეობდა. უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ სამუშაო ჯგუფში აფხაზურმა მხარემ კვლავ მოიყვანა არგუმენტი ორივე სამუშაო ჯგუფის მუშაობის სასარგებლოდ, ვინაიდან უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხები ურთიერთდამოკიდებულია.
"ამას გარდა კვლავ გაკეთდა წინადადება მოლაპარაკებათა ფორმატის შეცვლასთან დაკავშირებით - მათი საექსპერტო დონიდან დელეგაციების დონეზე გადაყვანასთან დაკავშირებით. გამოითქვა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ გალის რაიონში საქართველოს ტერიტორიიდან გადმოსული შეიარაღებული ჯგუფების მიერ ადამიანების გატაცების შემთხვევები კვლავ გრძელდება", _ აცხადებს ჩირიკბა.
მისივე თქმით, შესვენების შემდეგ აფხაზურმა მხარემ კვლავ ჯგუფების გაერთიანების საკითხი და მსგავსი წინადადება გააკეთა თანათავმჯდომარემ ევროკავშირის მხრიდან ფილიპ ლეფორმა.
"ქართულმა დელეგაციამ ამ შეთავაზების მიღებაზე კატეგორიული უარი განაცხადა, თან ყოველგვარი მოტივაციისა და არგუმენტაციის გარეშე", _ აცხადებს ჩირიკბა.
"სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევამჩნიეთ რაიმე ახალი იდეები და მიდგომების ქონა განახლებულ ქართულ დელეგაციაში. თუ ასეთი სიტუაცია გაგრძელდება და მოლაპარაკებების მონაწილეთა მიერ შეთავაზებულ ყველა კონსტრუქციულ წინადადებაზე ქართველი წარმომადგენლები მხოლოდ კატეროგიულ "არას" იტყვიან მაშინ ჟენევის დისკუსიებს მალე ელოდება სამწუხარო ფინალი", _ აცხადებს ჩირიკბა.