კახეთში, 19 ივლისს მოსული ძლიერი სეტყვის და ქარიშხლის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე კომპენსაციების გაცემა 2013 წლის იანვარში დაიწყება. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა განაცხადა.
„მივიღებთ ინფორმაციას რაც არის ჰექტრებში, პროცენტებში, განვსაზღვრავთ როგორია საშუალო მოსავლიანობა, საბაზრო ფასები, ასევე განვსაზღვრავთ სხვა მაჩვენებლებს, გამოვრიცხავთ რა კომპენსაციები მიიღეს დაზარალებულებმა, მოსავლის ჩაბარების შედეგად რამდენი მიიღეს, დაზღვევიდან რამდენი აუნაზღაურდათ და შესაბამისი მათემატიკური ფორმულით განისაზღვრება თითოეულ ოჯახზე ზარალის ოდენობა. ჩვენ გვინდა, რომ მონაცემების გადამწყვეტი ნაწილი დასრულებული იყოს 10 დღეში, ანუ 21 დეემბრისთვის იმიტომ, რომ ამაზეა დამიკიდებული შემდგომ მისი დამუშავება და უკვე განსაზღვრა თუ როდის დავიწყებთ კომპენსაციების გაცემას. დეკემბრის ბოლოსთვის ეს თუ ვერ მოეწსრო, იანვარში მაინც გვინდა, რომ ეს პროცესი ნაწილობრივ და ეტაპობრივად დავიწყოთ", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
დღეიდან, თელავში, გურჯაანში, საგარეჯოში, ყვარელსა და ლაგოდეხში სოფლის მაცხოვრებლებისგან შემდგარმა კომისიებმა დაიწყეს მუშაობა. კომისია სტიქიის შედეგად მიყენებულ სასოფლო-სამეურნეო ზარალს აღწერს.
„პირველ ეტაპზე ვიმუშავეთ სახურავებთან დაკავშირებით და ეს მუშაობა გრძელდება. მეორე ეტაპზე დავიწყეთ სასოფლო სამეურნეო ზარალის დადგენა. ამისათვის თითოეულ სოფელში შეიქმნება მაქსიმალურად წარმომადგენლობითი კომისია, არანაკლებ 7-10 კაცის შემადგენლობით, რომელშიც ჩაერთვებიან რწმუნებული, თვითმმართველობა, თითოეულ ოჯახზე შედგება აქტი, სადაც მოცემული იქნება რამდენი ჰეტარი იყო დათესილი ან დარგული, რამდენ პროცენტიანი ზარალი იყო. მოსახლეობას ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ნაკვეთების დაზიანებით მიღებული ზარალიც აუნაზღაურდება" - განაცხადა შერგელაშვილმა.
შეგახსენებთ, 19 ივლისს, ქარბორბალას და ძლიერი სეტყვის შედეგად თელავის, გურჯაანის, ლაგოდეხის, ყვარლის და ახმეტის რაიონებში რამდენიმე ათასი ოჯახი დაზარალდა. ქარიშხალმა 200-მდე სახლს მთლიანად, ათასზე მეტს კი სახურავი ნაწილობრივ გადახადა. დაისეტყვა ვენახები, ხეხილის ბაღები და ბოსტნეული. გურჯაანის სოფლებში ველისციხეში, ვაზისუბანში, შაშიანში, კალაურსა და ვაჩნაძიანში სეტყვამ მოსავლის 100% გაანადგურა. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.
სტიქიის შედეგად დაზარალებულები მთავრობამ სამ კატეგორიად დაყო. პირველი კატეგორია, ანუ ოჯახმა, რომელსაც მოსავალი 100%-ით გაუნადგურდა, 1300-1500 ლარის ოდენობის კომპენსაცია მიიღო. მეორე კატეგორიაში ის ოჯახები შევიდნენ, რომელთაც მოსავალი 70-80%-ით გაუნადგურდათ. მათ კომპენსაციის სახით 800-900 ლარი მიიღეს. მესამე კატეგორიის დაზარალებულებს, მათ ვისაც სტიქიამ მოსავლის 50%-მდე გაუნადგურა, სახელმწიფო 300-500 ლარით დაეხმარა.