ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე 118 განცხადებაა რეგისტრირებული. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლაგოდეხის საკრებულოს აპარატის უფროსმა გიორგი მესხიშვილმა განუცხადა.
საკონკურსო პირობების მიხედვით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ჰქონდეს უმაღლესი განათლება მაგისტრთან გათანაბრებული; სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 5 წელი; ასაკით მაქსიმუმ 55 წლამდე; უნდა იცოდეს კომპიუტერული პროგრამები, ქართული, რუსული და ინგლისური ენები; ასევე, საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ", საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ". ანაზღაურება 2650 ლარია.
დაინტერესებულ პირებს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განცხადების რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე დღეს, 24 საათამდე შეუძლიათ.
„საკონკურსო კომისია უკვე შექმნილია და ის 9 კაცისგან შედგება. კომისია სხვადასვა სფეროს წამომადგენლებით დაკომპლექტდა. მასში შედიან ფრაქციის წარმომადგენლები, ასევე ექიმი, სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტი, პროფკავშირების წარმომადგენელი, სოცუზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელი, არსამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ასოციაციის" წარმომადგენელი და საზოგადოების წარმომადგენელი", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლაგოდეხის საკრებულოს აპარატის უფროსმა გიორგი მესხიშვილმა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ლოლაძემ თანამდებობა 21 ნოემბერს დატოვა. გამგებლის მოვალეობას მისი მოადგილე იოსებ ტყემალაძე ასრულებს.