კაია კალასი თავს უფლებას აძლევს, ქვეყნებს მითითებები მისცეს, ვისთან იმეგობრონ და ვისთან – არა, ვის დაელაპარაკონ და ვის – არა, შემდეგ ჰერჩინსკის სწყინს, რატომ გვადარებთ საბჭოთა კავშირსო, ნუ მოიქცევიან, როგორც საბჭოთა კავშირი, არავინ არაფერს შეადარებთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„კაია კალასზე როდესაც ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, ფაქტობრივად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრია. რა თქმა უნდა, სწორედ ამ ოფისებიდან პირდაპირი მიდის მითითება დედაქალაქებში, რომ საქართველოსთან კონტაქტი არ ჰქონდეთ. ეს კიდევ ერთხელ საბჭოთა მოსკოვის მიდგომას აჩვენებს. ქალბატონი კალასი, რომელიც დაბადებული და გაზრდილია ესტონეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში, საბჭოთა ნომენკლატურის ოჯახში, მართალია, სიტყვით განაგდებს ხოლმე საბჭოთა კავშირს, მაგრამ საბჭოთა კავშირიდან რაც წამოიღო, ეს არის საბჭოთა დამოკიდებულება, როდესაც თავს უფლებას აძლევს, ქვეყნებს, პარლამენტებს, ხალხის მიერ არჩეულ ორგანოებს მითითებები მისცეს, ვისთან იმეგობრონ და ვისთან – არა, ვის დაელაპარაკონ და ვის – არა. ბატონ ჰერჩინსკის შემდეგ სწყინს, რატომ გვადარებთ საბჭოთა კავშირსო. ნუ მოიქცევიან, როგორც საბჭოთა კავშირი, არავინ არაფერს შეადარებთ. ამ პარალელებს იმ ხალხში აღძრავენ, რომელთაც საბჭოთა კავშირი მართლა გამოვლილი აქვს. სამარცხვინოა, როდესაც ბრიუსელის ბიუროკრატია ასე იქცევა, რომელიც თავს უფლებას აძლევს, დამოუკიდებელ ქვეყნებს, ეს მითითებები მისცეს", - განაცხადა პაპუაშვილმა.