ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი აფხაზეთის უხუცესთა საბჭო, რომელსაც ქართველებისთის კარგად ნაცნობი კონსტანტინე ოზგანი ხელმძღვანელობს, "შეცდომით რეკომენდაციას" უწოდებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელშიც არის მოწოდება რუსეთის მიმართ, რომ უკან გაიწვიოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მხარე ავრცელებს.
"ეუთო ცდილობს, რეკომენდაცია მისცეს რუსეთს ის, რომ არც კი გარკვეულა აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის აღდგენის საკითხში", - ნათქვამია უხუცესთა საბჭოს მიერ დღეს ეუთოსთვის გაგზავნილ მიმართვაში და იქვე აღნიშნულია, რომ "აფხაზეთის დამოუკიდებელი სახელმწიფო ჯერ კიდევ VIII საუკუნეში შეიქმნა".
"აფხაზეთის ისტორიაში იყო აღმავლობაც და დაცემაც უძლიერეს იმპერიებთან ბრძოლაში, მაგრამ ყველაზე რთული 1931 წელი იყო, როდესაც აფხაზეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკა, სტალინის მოთხოვნით საქართველოს ძალით შეუერთეს", _ ნათქვამია უხუცესთა საბჭოს განცხადებაში რომელშიც აღწერილია აფხაზეთის ე.წ. ისტორია და მისი ბრძოლა "მოძალადე საქართველოსთან".
დასასრულს, აფხაზეთის უხუცესთა საბჭო "უსამართლობას" უწოდებს იმას, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა უარს აცხადებს აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაზე.
აფხაზეთის უხუცესთა საბჭო ასევე "იურიდიულად დაუსაბუთებელს" უწოდებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციას რუსეთის მიმართ, არ გახსნას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთის დუმის არჩევნებისათვის საარჩევნო უბნები.
აფხაზეთის უხუცესთან საბჭოს აზრით ეუთოს რეკომენდაციები საქართველოსათვის გამაქეზებელი სიგნალის მატარებელია და ახალი ესკალაციის საფრთხეს ბადებს.