მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს საქართველომ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს 2012 წლის წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) განხორცილების თვითშეფასების დოკუმენტი წარუდგინა. დოკუმენტის განხილვის მიზნით ა.წ. 15-16 ოქტომბერს საქართველოში ნატო-ს შემფასებელთა მისია იმყოფებოდა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინაციით, ნატოს დელეგაციამ სამუშაო შეხვედრები ANP-ის განხორციელებაში ჩართული უწყებების წარმომადგენლებთან გამართა .
საქართველოში წლიური ეროვნული პროგრამის განხილვის შემდეგ ნატომ საქართველოს 2012 წლის წლიური ეროვნული პროგრამის შეფასების დოკუმენტი გამოუგზავნა.
ისევე როგორ წინა წლებში, საქართველოს მიერ 2012 წლის ANP-ის განხორციელება ალიანსმა პოზიტიურად შეაფასა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო განაგრძობს წლიური ეროვნული პროგრამისა (ANP) და ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) ეფექტურ გამოყენებას.
საქართველოში 2012 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლა დოკუმენტში შეფასებულია, როგორც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიის განვითარების გზაზე და მიღწევა რეგიონის ისტორიაში.
ამავე დროს, ნატო-ს მიერ გამოთქმულია კრიტიკაც, იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო გარემო იყო პოლარიზებული, ადგილი ქონდა ძალის გადამეტებისა და ზეწოლის შემთხვევებს, რომელთა შედეგადაც განხორციელდა დაკავებები და ჯარიმები, ძირითადად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ.
ამასთანავე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისა და ამ რეგიონებში მიმდინარე მილიტარიზაციის ფონზე, მისასალმებელია საქართველოს ძალისხმევა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ. ალიანსი ასევე მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას.
და ბოლოს, ნატო კიდევ ერთხელ აღნიშნავს საქართველოს, როგორც ალიანსის არა წევრი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ქვეყნის წვლილს ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში.