დღეს, 28 ნოემბერს, გერმანიის ელჩი, ორთვინ ჰენიგი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად 19 ივლისის სტიქიისგან დაზარალებულ იმ სოფლებს მოინახულებს, რომლებშიც სარეაბილიტაციო სამუშაო ჩატარდა.
საელჩოს ინფორმაციით, 19 ივლისის დამანგრეველი სტიქიური უბედურების შემდეგ გერმანიის საელჩო შეუერთდა საქართველოს მთავრობასა და სხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა რაც შეიძლება სწრაფად მომხდარიყო სტიქიური უბედურების შედეგების დაძლევა.
პროექტისთვის - "კახეთის ოთხი სოფლის სასოფლო-სამეურნეო საწარმოების აღდგენა" - გერმანიის საგარეო საქმეთაფედერალური სამინისტროს ჰუმანიტარული დახმარების ფონდიდან 50 ათასი ევრო გამოიყო. ეს თანხა მოხმარდა სტიქიური უბედურებისაგან ყველაზე მეტად დაზარალებული გურჯაანის რაიონის ოთხი სოფლის (ვაზისუბნის, კალაურის, შაშიანისა და ვაჩნაძიანის) სასოფლო-სამეურნეო საწარმოების აღდგენას.
დახმარების გერმანული პროექტი ადგილზე ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ CARE International in the Caucasus (CIC) განახორციელა. ორგანიზაცია პროექტისათვის გამოყოფილი თანხით დაეხმარა ოთხი სოფლის გლეხებს დიდწილად განადგურებული მოსავლის შენარჩუნების, სათესი ფართობების აღდგენის, ახალი სათესლე მასალის, სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების შეძენის საკითხებში. მან ასევე გაუწია გლეხებს კონსულტაციები სასოფლო-სამეურნეო საწარმოების მუშაობის გაგრძელების სფეროში.