22-23 ნოემბერს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროპის საბჭოში შეხვედრებს გამართავს. მინისტრის ამპლუაში წულუკიანისთვის ევროპაში ვიზიტი პირველია.
დაგეგმილია შეხვედრები ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, მინისტრთა კომიტეტის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების დეპარტამენტში, ადამიანის უფლებათა კომისართან და სხვ.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წულუკიანი სასამართლოს თავმჯდომარეს, მთავარ გამწესრიგებელსა და მოსამართლეებს შეხვდება. იგეგმება სამუშაო შეხვედრა სასამართლოს სხვა წარმომადგენლებთან, რომლებსაც ქართულ საქმეებზე მუშაობა და მათი განხილვა უშუალოდ ავალიათ. წულუკიანი ევროპული სასამართლოს წარმომადგენლებს გააცნობს იმ ღონისძიებებს, რომლის გატარებასაც ახალი მთავრობა ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებისა და ევროპული სასამართლოს ქართული საქმეებისაგან განტვირთვის მიზნით გეგმავს. შეხვედრაზე განიხილება ევროპულ სასამართლოსა და საქართველოს მთავრობას შორის მომავალი თანამშრომლობის სხვა საკითხები.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების დეპარტამენტთან შეხვედრაზე მინისტრი ენუქიძისა და გირგვლიანის, ასევე სხვა ქართულ საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ისაუბრებს.