საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დიდი ბრიტანეთის სამეფოს სახელმწიფო მინისტრს ევროპულ საკითხებში დეივიდ ლიდინგტონს შეხვდა. საუბრის ძირითადი თემა საქართველოში ჩატარებული არჩევნები და მთავრობის მშვიდობიანი გადაბარების პროცესი, ასევე მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები იყო. სააკაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის პრიორიტეტად ევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება რჩება. მისი თქმით, ის მზად არის ამ მიმართულებით კიდევ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს ახალ მთავრობასთან. შეხვედრისას პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება ნატოში ინტეგრაციის პროცესში ბრიტანეთის აქტიური მხარდაჭერისთვის.
ლიდინგტონმა დადებითად და დემოკრატიულად შეაფასა საპარლამენტო არჩევნები და მთავრობის გადაბარების პროცესი. მან იმედი გამოთქვა, რომ არსებულ დემოკრატიულ პროცესებს დეკემბერში ნატოს მინისტერიალზე დადებითი შეფასება მოჰყვება. ლიდინგტონმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ბრიტანეთის მთავრობის სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი.
საუბრისას მან ყურადღება გაამახვილა, საქართველოს როგორც ნატოს მნიშვნელოვან პარტნიორზე და იმ წვლილზე, რომელიც ქვეყანას საერთო უსაფრთხოების გამყარების მიზნით შეაქვს ISAF-ში მონაწილეობით.