იულია ტიმოშენკოს ბლოკი მზადაა, ოპოზიციაში წავიდეს, თუმცა ყველას ურჩევს, არჩევნების საბოლოო შედეგს დაელოდოს. ეს განცხადება დღეს ბრიფინგზე ვიცე-სპიკერმა ნიკოლაი ტომენკომ გააკეთა.
"მზად ვართ, ვიმოქმედოთ როგორც ოპოზიციამ, მაგრამ უნდა დაველოდოთ ცესკოს საბოლოო მონაცემებს", _ განაცხადა ტომენკომ.
ტომენკომ ყურადღება გამახვილა იმაზედაც, რომ პირველად საპრეზიდენტო არჩევნების ისტორიაში, საარჩევნო მარათონის ლიდერს ამომრჩეველთა 50-ზე ნაკლებმა პროცენტმა დაუჭირა მხარი.
"სამართლებრივ ლეგიტიმურობაზე ცესკო ისაუბრებს, თუმცა ჩნდება საკითხი მორალური და საზოგადოებრივი ლეგიტიმურობისა სახელმწიფოს ახლად არჩეული მეთაურის მიმართ", _ განაცხადა ტომენკომ.
ტომენკო მომხდარში ასევე ადანაშაულებს პრეზიდენტ იუშჩენკოს. მისი განცხადებით, იუშჩენკო სისტემურად მუშაობდა იმისთვის, რომ იანუკოვიჩს არჩევნებზე გაემარჯვა.