ახალი მთავრობა კახეთის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიმართულებით აქტიურდება. ამ მიზნით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში კახეთის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის კომისიის სხდომა შედგა.
კახეთის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის კომისია საქართველოს მთავრობის დავალებით შეიქმნა და მას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი ხელმძღვანელობს. კომისიის სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, ასევე, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კომისიამ კახეთში სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად ჩატარებული სამუშაოები განიხილა, დაზარალებული მოსახლეობისთვის გასაწევი დახმარებების შესახებ იმსჯელა და პირველი რიგის პრიორიტეტები განსაზღვრა. როგორც კომისიის თავმჯდომარემ, თენგიზ შერგელაშვილმა აღნიშნა, პირველი ეტაპისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ზამთრის პერიოდში მოსახლეობის ნორმალური საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფაა. შესაბამისად უპირველეს პრიორიტეტს სტიქიით დაზიანებული სახლების გადახურვა და არსებული სახურავების შეკეთება წარმოადგენს. სხდომაზე გადაწყდა, რომ დაუყოვნებლივ უნდა ჩამოყალიბდეს სამინისტროს და ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჯგუფები, რომლებიც ხვალიდან ადგილზე დაიწყებენ შესაკეთებელი ობიექტების განსაზღვრას, შესული განცხდებებისა და უკვე ჩატარებული სამუშაოს შედარების საფუძველზე, რაც მოსახლეობას საშუალებას მისცემს, ზამთარს ისეთ სახლებში შეხვდნენ, რომელიც დაცული იქნება ბუნებრივი სტიქიური მოვლენებისგან.