ყვარელში „ქართული ოცნების" მხარდამჭერები პოლიციის უფროსის მოადგილედ ლევან ცუკოშვილის დანიშვნას აპროტესტებენ. როგორც ადგილობრივებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, ცუკოშვილი წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების" მხარდამჭერებს აშინებდა და დევნიდა.
„ის ერთ-ერთი ზონდერი იყო. კოალიციის მხარდამჭერებს დაჭერით ემუქრებოდა. გაკვირვებულები ვართ პოლიციის უფროსის მოადგილედ რატომ დანიშნეს", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნების" ყვარლის შტაბის უფროსმა მალხაზ ხიზანიშვილმა.
„ერთი კი არა, ათობით ფაქტი გვაქვს მის წინააღმდეგ. აქტიურად იყო ჩართული ჩვენი მხარდამჭერების დაშინების პროცესში და ახლა, მოულოდნელად პოლიციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ თანამდებობიდან", - აღნიშნა შტაბის უფროსის მოადგილემ ვაჟა სეფაშვილმა.
ყვარლის მაცხოვრებლები დღეს პოლიციის შენობასთან საპროტესტო აქციას გამართავენ. შსს-ში არ აკეთებენ კომენტარს, პოლიციის უფროსები და მოადგილეები რა კრიტერიუმებით შეარჩიეს.
მასალის გამოყენების პირობები