თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ ხუცაიძე თანამდებობას ტოვებს. „7 ნოემბერს თელავქალაქობას ჩავატარებთ და წავალ. თელავისთვის და ზოგადად მუნიციპალიტეტისთვის ასე ჯობია. ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინირებულად მუშაობის გარეშე არაფერი გამოვა. მთავრობა შეიცვალა, აქედან გამომდინარე, ცენტრალურ ხელისუფლებას თავისთავად სურვილი ექნება, რომ მათი გუნდის წევრი დაინიშნოს თანამდებობაზე", - განუცხადა ნუგზარ ხუცაიძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს.
ნუგზარ ხუცაიძე თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლად 2012 წლის 10 ივლისს დაინიშნა. მანამდე ის თელავის საკრებულოს თავმჯდომარედ მუშაობდა.
თელავის მაჟორიტარი დეპუტატის გელა სამხარაულის განცხადებით, თელავის ახალი გამგებელი აუცილებლად „ქართული ოცნების" წარმომადგენელი იქნება: „ახალი გამგებელი რა თქმა უნდა „ქართული ოცნებიდან" იქნება. რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, მაგრამ ვერ გეტყვით ვინ არიან. რამდენიმე დღეში გაიგებთ," - განუცხადა გელა სამხარაულმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.
შეგახსენებთ, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, თელავში „ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა. პროპორციულ არჩევნებში კოალიციამ 47,60% (17 012 ხმა), „ნაციონალურმა მოძრაობამ" კი ხმების 43,15% (15 304 ხმა) მიიღო. მაჟორიტარულ არჩევნებშიც „ქართული ოცნების" კანდიდატმა გელა სამხარაულმა გაიმარჯვა 46%-ით (16 274 ხმა), „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ვასილ დავითაშვილმა ხმების 43% (15221 ხმა) მიიღო.