ცხინვალის "მერია", ფინანსური საშუალებების დეფიციტს განიცდის. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ქალაქში სეპარატისტული "ხელისუფლება" მუნიციპალური საცხოვრებლების სარემონტო სამუშაოების დასრულებას ვერ ახერხებს. "ამ დროისათვის, ჩვენ მხოლოდ ზედაპირული რემონტის გაკეთების შესაძლებლობა გვაქვს, კაპიტალური რემონტისთვის კი ფინანსური რესურსები არ გვყოფნის" - აცხადებს თვითმარქვია "რესპუბლიკის" პრეზიდენტი, ლეონიდ თიბილოვი.
როგორც ირკვევა, მუნიციპალური შენობების დაზიანების მიზეზი ძლიერი წვიმა გახდა, რის შედეგადაც ერთი შენობა მთლიანად დაიტბორა, ხოლო 16 საგრძნობლად დაზიანდა. ცხინვალის ბიუჯეტში არსებული პრობლემები, სავარაუდოდ, იმ ბოლოდროინდელ შემოწმებებს უკავშირდება, რომელიც მოსკოვიდან ჩამოსულმა ჩინოვნიკებმა, კრემლის დავალებით განახორციელეს. შემოწმებების შედეგად აღმოჩნდა, რომ მოსკოვის მფარველობის ქვეშ მყოფ სეპარატისტულ რეგიონში, კორუფციას და თანხების მიტაცებას ფართო მასშტაბები აქვს მიღებული. ამის შემდეგ, კრემლმა ცხინვალელ ჩინოვნიკებს დაფინანსება მნიშვნელოვნად შეუზღუდა.