ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილის გია ქავთარაძე თანამდებობიდან გადადგა. ამასთან დაკავშირებით, მან განცხადება გაავრცელა, რომელსაც "ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზოვთ:
"საჯარო სამსახურში დაბრუნება ქართველი ხალხის საყვარელი პიროვნების და ჩემი მეგობრის, კახა კალაძისადმი მხარდაჭერის სურვილმა გადამაწყვეტინა. სამწუხაროდ, ბოლო არ უჩანს მინისტრის წინააღმდეგ მიმართულ ყოვლად უსაფუძვლო და აშკარად მიზანმიმართულ აგრესიულ კამპანიას. მინისტრის შემდეგ ახლა უკვე მეც გადმომწვდნენ, როგორც მის მოადგილეს - გაჩნდა კითხვები 2005-2007 წლებში ჩემი იუსტიციის მინისტრობის პერიოდთან დაკავშირებით.
მე მზად ვარ, ყველა კითხვას კვლავ გავცე პასუხი. „კვლავ" იმიტომ, რომ თავის დროზე ყველაფერს ამომწურავად ვუპასუხე.
ყველაფერი, რაც ბატონ კახა კალაძის წინააღმდეგ ხდება (ჩემს ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის ჩათვლით), ძალზედ ხელოვნური და ანგაჟირებულია.
არ მსურს, რომ ჩემს გამო ბატონ კახა კალაძეს ხელი შეეშალოს იმ ბრწყინვალე კარიერაში, რაც მას წინ ელოდება. ამდენად, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე თანამდებობიდან.
ჩემს გულწრფელ პატივისცემას გამოვხატავ სამინისტროს ყველა თანამშრომლის მიმართ. ძალზედ შედეგიანი იყო ის რამდენიმე დღე, რაც სამინისტროში გავატარე. განსაკუთრებულ სიამოვნებას მგვრიდა ის ფაქტი, რომ სამინისტრო განთავსებულია „იუსტიციის სახლში" - „იუსტიციის სახლის" იდეა ხომ მე მეკუთვნის"!