ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტმა დღეს "ოსური საგვარეულო სახელების შესახებ" კანონი მიიღო. კანონპროექტი ე.წ. სესიაზე ე.წ. ნაციონალური პოლიტიკის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების, რელიგიისა და მედიის კომიტეტის თავმჯდომარემ მირა ცხოვრებოვამ წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
ცხოვრებოვა აცხადებს, რომ ამ კანონზე მუშაობა სამ წელზე მეტია მიმდინარეობდა და მასში მრავალრიცხოვანი ცვლილებებია შესული.
"ჩვენ ყველას გვესმის, რომ ჩვენი გვარები ისე უნდა იწერებოდეს, როგორც ოდითგანვე იწერებოდა და ჟღერდა. კანონთან ერთად შემუშავებულია ოსური გვარების ნუსხა, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი კი გვარების სახელმწიფო რეესტრის შექმნაზე მუშაობს, სადაც შესაძლებელი იქნება გაეცნო ამა თუ იმ გვარის წარმომავლობის ისტორიას", _ აცხადებს ცხოვრებოვა.
ოსური მედიის ინფორმაციით, მანვე ყურადღება გაამხვილა იმაზე, რომ "შვილი", "ძე", "ოვ", "ევ"-ზე დაბოლოოებული გვარებით მახინჯდება ოსური გვარების "ორიგინალური, ისტორიული ფორმა" და ისინი ერევა ჩრდილოკავკასიელი და აზიელი ხალხების გვარებს.
ამ კანონის ძირითადი ამოცანა "ოსური საგვარეულო სახელების დაწერის აღდგენაა მათ ოდითგანვე არსებულ ჟღერადობაში და ეს ხალხის თვითმყოფადობისათვის, ტრადიციების უწყვეტობისათვის, სულიერებისათვის და თაობათა ეთნიკური კავშირისათვის უნდა გაკეთდეს".
აღინიშნა, რომ ამ ე.წ. კანონის მიღება გვარის აუცილებლად გამოცვლას არ გულისხმობს და ე.წ. რესპუბლიკის ე.წ. მოქალაქეებმა ეს განაწყვეტილება საკუთარი სურვილით უნდა მიიღონ.
"უკვე მომმართა რამდენიმე მოქალაქემ და თავისი გვარის შეცვლა და ისტორიული გვარის დაბრუნების სურვილი გამოთქვა. მათ ადრე უარი სრულიად უსაფუძვლოდ ეთქვათ ახლა კი ამგვარი სიტუაციები თავიდან იქნება აცილებული",_ განაცხადა ცხოვრებოვამ.