შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის მიმართ მორიგი გაფრთხილებით გამოვიდა და „ეკონომიკური ომის“ რისკებზე ისაუბრა, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ვერ შეძლებს ომის დასრულებას უკრაინაში და გააგრძელებს საბრძოლო მოქმედებებს.
Bloomberg-ის ცნობით, ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში, კაბინეტის წევრებთან შეხვედრაზე ისაუბრა.
ტრამპის ეს განცხადება იყო პასუხი შეკითხვაზე, არსებობს თუ არა ვადები, რომლის ფარგლებში პუტინი უნდა დათანხმდეს ზელენსკისთან ორმხრივ მოლაპარაკებებს, ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტი მორიგი სანქციების დაწესებას დაიწყებს.
"ეს არ იქნება მსოფლიო ომი, არამედ ეს იქნება ეკონომიკური ომი და ის ძალიან ცუდი იქნება. ეს ცუდი იქნება რუსეთისთვის და მე ეს არ მინდა", - თქვა მან.
ტრამპი არაერთხელ გამოვიდა რუსეთის მიმართ სანქციებისა და "მძიმე შედეგების" გაფრთხილებით, ასევე იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსული ნავთობის შესყიდვით, რუსეთის საომარი ძალისხმევის დაფინანსებას მხარს უჭერენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა უკვე დააწესა ორმაგი 50%-იანი ტარიფი ინდოეთიდან იმპორტზე რუსული ნავთობის შესყიდვების გამო, თუმცა ის უფრო შორს არ წასულა და ჯერჯერობით ნაბიჯები არ გადაუდგამს ჩინეთის ან სხვა ქვეყნების წინააღმდეგ.
ტრამპმა ასევე გამოთქვა უკმაყოფილება რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების, მათ შორის იმათ გამო, რომლებიც მისი თქმით, პუტინთან საუბრის შემდეგ მალევე განხორციელდა.
ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ არც ზელენსკია "უდანაშაულო", თუ მშვიდობისკენ უფრო აქტიური მოძრაობა არ შეინიშნება. მისი თქმით, სანქციები და ეკონომიკური ომი გავლენას უკრაინაზეც მოახდენს.