რუსეთის ეკონომიკა „რთულ პერიოდს“ გადის და მოსკოვი კარგავს შემოსავლებს თავისი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის დასაფინანსებლად, ევროკავშირის მიერ უკრაინაში შეჭრისთვის დაწესებული სანქციების გამო. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა გერმანულ გაზეთ Die Welt-თან ინტერვიუში განაცხადა.
კალასის თქმით, ბრიუსელი აგრძელებს მუშაობას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტზე.
მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტისთვის“ დაწესებულმა წინა შეზღუდვებმა „მხოლოდ ერთ კვირაში 30%-ით შეამცირა რუსეთის შემოსავალი ბალტიისა და შავი ზღვების გავლით ნავთობის ტრანსპორტირებიდან“.
„რუსეთმა ევროკავშირის სანქციების გამო მილიარდობით დოლარი დაკარგა. ეს თანხები აღარ არის ხელმისაწვდომი რუსული საომარი მანქანის დასაფინანსებლად“, - დასძინა კალასმა.
კალასის თქმით, ევროკავშირი მიესალმება მოსკოვის წინააღმდეგ აშშ-ის მზაობას ახალი მკაცრი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. ამასთან, კალასი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონმა ასეთი ზომები ევროკავშირთან კოორდინაციით უნდა მიიღოს.
„აშშ-ს აქვს შესაძლებლობა, აიძულოს რუსეთი, ჩაერთოს სერიოზულ მოლაპარაკებებში. თუ აშშ და ევროკავშირი ერთდროულად შემოიღებენ ახალ სანქციებს, ეს მნიშვნელოვნად გაზრდის პუტინზე ზეწოლას. გარდა ამისა, სანქციების გვერდის ავლა უფრო რთული გახდება. მოსკოვისთვის უფრო რთული იქნება უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსება“, - თქვა მან.
კალასმა დასძინა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს დონალდ ტრამპის განცხადებებს უკრაინის ფრონტზე სიკვდილის შეჩერების სურვილის შესახებ.
„თუ მოსკოვი და კიევი სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწევენ, უკრაინას უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში დასავლეთის ქვეყნებზე დაყრდნობა უნდა შეეძლოს“, - განაცხადა კალასმა.
მისი თქმით, მინსკის შეთანხმებების გამოცდილებამ აჩვენა, რომ „მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი საკმარისი არ არის“.
„უკრაინაში სიმშვიდის მისაღწევად, დასავლელი სამშვიდობოები კარგად უნდა იყვნენ აღჭურვილნი და შეეძლოთ საკუთარი თავის დაცვა“, - აღნიშნა მან. კალასის თქმით, ევროკავშირის თითოეული ქვეყანა დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ.
„ყველა შემთხვევაში, უკრაინისთვის პირველი თავდაცვის ხაზი მისივე ჯარები უნდა იყოს და ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია მათი გაძლიერება. ამიტომ კიევის მოკავშირე ქვეყნებში უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროების მომზადების პროგრამები გაფართოვდება“, – განაცხადა კალასმა.