27 ოქტომბერს სოფელ ცხემლარაში სახალხო დღესასწაული "მაჭახლობა 2012" გაიმართება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, სახალხო დღესასწაული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით 2007 წლიდან ტარდება მაჭახელას ხეობის სხვადასხვა სოფელში, წელს ცხემლარაში გაიმართება.
სახალხო ზეიმი სპორტული ღონისძიებით 10:00 საათიდან დაიწყება. ქართულ ჭიდაობაში, აბსოლუტურ წონით კატეგორიაში გამარჯვებულს საჩუქრად ცხვარი გადაეცემა.
კულტურული პროგრამის დაწყებამდე სტუმრებს, ვინც პირველად იმყოფება სახალხო დღესასწაულზე, გადაეცემა აჭარული ქამარი, წარწერით "მაჭახლობა 2012". რის შემდგომაც სტუმრები დაათვალიერებენ მაჭახელას თემის სოფლების საგამოფენო კუთხეებს.
საზეიმო კონცერტის დროს დასახელდება საპატიო მაჭახელელი, რომლის კანდიდატურასაც სოფლის მოსახლეობა წარუდგენს შესაბამის კომისიას. 2012 წელს საპატიო "მაჭახელელის" წოდება მიენიჭება სულიკო კოპინაძეს.
ღონისძიების კულტურულ ნაწილში მონაწილეობას მიღებენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის და მაჭახელას თემის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები.