ხვალ, 24 ოქტომბერს, სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე, ოსური დელეგაცია ერთ-ერთ ძირითად საკითხად საქართველოში გასამართლებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთს მოქალაქეების საკითხს დააყენებს. განცხადება ამის შესახებ ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის რწმუნებულმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა გაკეთა.
"ჟენევის დისკუსიის მორიგ რაუნდზე ქართული მხარე დაგვპირდა, რომ წლის ბოლომდე ისინი ამ საკითხს გაარკვევენ. ამის მიუხედავად ამ საკითხს მაინც დავაყენებთ", _ განაცხადა ჯიოევმა და აღნიშნა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი შეხვედრაზე კვლავინდებურად დააყენებს უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების საკითხს. ჯიოევი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ასევე აღნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში შედგება ვიზიტი მცხეთში (საქართველო), ვინაიდან იქ არის ამოუცნობი ადამიანების დიდი სამარხი.
"ზნაურის რაონის მცხოვრები იუზა სუიკაევა, ვისი ვაჟიც უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, გვთხოვს ჩვენ, რომ მისთვის საერთაშორისო წითელი ჯვრის შუამავლობით მცხეთაში გამგზავრების ორგანიზაცია მოვახერხოთ. მის ხელთ არსებული სარწმუნო ინფორმაციით, მისი ვაჟი დაკრძალულია სწორედ იქ. იგი 19 საფლავის გახსნას დაესწრო, თუმცა მისი ვაჟი მათ შორის არ აღმოჩნდა. მომდევნო კვირას კიდევ რამდენიმე საფლავის გახსნა იგეგმება",_ განაცხადა ჯიოევმა და აღნიშნა, რომ ამჟამად რწმუნებულის აპარატის მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულების ბიომასალების შეგროვება მიმდინარეობს, რომლის გამოყენებაც ცხედრების იდენტიფიკაციისათვის იქნება შესაძლებელი.
ამას გარდა, ჯიოევის თქმით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე იგეგმება სოფელ ზარდიანთკართან დაკავშირებული სიტუაციის განხილვა.
"მომმართეს ამ სოფლის მცხოვრებლებმა და ამ პრობლემის მოგვარება მთხოვეს", _ განაცხადა ჯიოევმა და აღნიშნა, რომ მიმდინარე თვის ბოლოს ე.წ. სამხრეთ ოსეთში სამდღიანი ვიზიტით სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხების რუსეთის ფედერაციის სამთავრობო კომისიის წევრების ჩასვლა იგეგმება.