კატასტროფის ცენტრი მუშაობის ონლაინრეჟიმზე გადადის. შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ საგანგებო თათბირზე იქნა მიღებული, რომელიც H1N1 ვირუსის თემას მიეძღვნა.
სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური გეგმის მიხედვით, ასევე მოხდება სამედიცინო დაწესებულებებში დამატებითი საწოლების მობილიზება და ქვეყნის მასშტაბით ყველა საავადმყოფოსა და პოლიკლინიკის პირბადეებითა და ანტივირუსული პრეპარატებით მომარაგება.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო H1N1 ვირუსის ახალი ტალღისთვის ემზადება. ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, გრიპის სეზონზე სამედიცინო დაწესებულებებს 160 000-მა ადამიანმა მიმართა, მათგან 10 000-ის ჰოსპიტალიზაცია მოხდა.
ახალი ტალღის დაწყებას სპეციალისტები 15 თებერვლიდან პროგნოზირებენ. ბოლო მონაცემებით, ვირუსის შედეგად, საქართველოში 28 ადამიანი გარდაიცვალა. სიკვდილიანობის მაჩვენებელი 0,01 %-ს შეადგენს, რაც, სამინისტროს განმარტებით, სეზონურ პიკზე დაბალია.