ყაზბეგის რაიონის სოფელ აჩხოტის მოსახლეობა „სოკარ ჯორჯია გაზისგან" ბუნებრივი აირის ჩართვას ითხოვს. როგორც ადგილობრივებმა მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, სოფელში უკვე ძალიან აცივდა, ბუნებრივი აირი კი ამ დრომდე არ მიეწოდებათ.
„ყაზბეგში უკვე დაიწყეს გაზის გაშვება, მაგრამ ჯერ მხოლოდ ოთხ სოფელშია ბუნებრივი აირი. აჩხოტში გაზი ჯერ არ არის ჩართული, არადა უკვე მინუსებამდეა დასული ტემპერატურა," - განუცხადა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ აჩხოტის მკვიდრმა მანანა გელაშვილმა.
ყაზბეგის რაიონში მოსახლეობის ბუნებრივი აირით მომარაგებას გაზგამანაწილებელი კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი ქართლი" ახორციელებს.
„სოფლებისთვის გაზის მიწოდება უკვე დაწყებულია. ამ ეტაპზე დაახლოებით 1 200 ოჯახს მიეწოდება ბუნებრივი აირი, 3-4 დღეში ეტაპობრივად დანარჩენი სოფლებიც ჩაირთვება" - განუცხადა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს დავით ლეკიშვილმა.
ყაზბეგის რაიონს ბუნებრივი აირი ყოველწლიურად ოქტომბრის ნახევრიდან მაისის ნახევრამდე მიეწოდება. ამ პერიოდში ოჯახზე 700 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის საფასურს სახელმწიფო ფარავს.