სიღნაღის საარჩევნო ოლქის ვაქირის მე-5 საარჩევნო უბანზე საპარლამენტო მაჟორიტარული არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა 14 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს სიღნაღის საოლქო - საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მამუკა კორაშვილმა განუცხადა. განმეორებითი კენჭისყრის შედეგად გადაწყდება, ვინ იქნება სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატი, ლევან ბეჟაშვილი თუ გელა გელაშვილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა „ქართული ოცნების" სიღნაღის შტაბის სარჩელის განხილვა, რომლითაც მოსარჩელე მხარე სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და მაჟორიტარული არჩევნების შედეგების შეჯამებას იმ ოქმის საფუძველზე ითხოვდა, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს და დამკვირვებლებს დაურიგდათ.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნებიდან" სიღნაღის მაჟორიტარობის კანდიდატმა გელა გელაშვილმა განუცხადა, სააპელაციო სასამართლომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და კოალიციის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ცესკო-ს მონაცემებით, საპარლამენტო მაჟორიტარულ არჩევნებში, სიღნაღის საარჩევნო ოლქში „ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა" ლევან ბეჟაშვილმა გაიმარჯვა 48,7%-ით (10 124 ხმა). „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს გელა გელაშვილს 47,19% (9 811 ხმა) აქვს. ცესკოს-ს მონაცემებით, ბეჟაშვილი გელაშვილს 313 ხმით უსწრებს.
„ქართული ოცნება" სადავოდ ხდიდა N5 ვაქირის საარჩევნო უბნის მაჟორიტარული არჩევნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს. ცესკო-ს ვებგვერდზე ატვირთული აღნიშნული უბნის ოქმის მიხედვით, ლევან ბეჟაშვილს 436 ხმა აქვს მიღებული, გელა გელაშვილს კი 146. ოქმი 2 ოქტომბრით, 01:25 საათით არის დათაღირებული, თუმცა მას კომისიის 5 წევრის ხელმოწერა არ აქვს.
არსებობს ვაქირის მე-5 საარჩევნო უბანზე მაჟორიტარული არჩევნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი მეორე ოქმიც, რომელსაც კომისიის ყველა წევრის ხელმოწერა აქვს, ბეჭდითაც დამოწმებულია და რომლის მიხედვითაც ლევან ბეჟაშვილს 207 ხმა აქვს მიღებული, ხოლო გელა გელაშვილს 377 ხმა. არჩევნების შედეგების ამ ოქმით შეჯამების შემთხვევაში, საერთო ჯამში ლევან ბეჟაშვილი 9 895 ხმას იღებს, ხოლო გელა გელაშვილი 10 042 ხმას. სიღნაღის საოლქო - საარჩევნო კომისიამ ვაქირის საარჩევნო უბნის შედეგები 3 ოქტომბერს გააუქმა.